„თელავის“ მცველს, ცოტნე კაპანაძეს კლინიკიდან მალე გამოწერენ #1TVSPORT
„თელავის“ მცველი ცოტნე კაპანაძე, რომელიც ეროვნული ლიგის მე-8 ტურში გორის „დილასთან“ შეხვედრისას დაშავდა, თავს უკეთ გრძნობს და საავამდყოფოდან მალე გამოწერენ – ინფორმაციას „თელავის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„გორის „დილასთან“ მატჩში დაშავებული ცოტნე კაპანაძე თავს უკეთ გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი გუნდის ფეხბურთელი მატჩის 25-ე წუთზე მძიმედ დაშავდა, თუმცა საბედნიეროდ, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის დახმარებით, კლინიკაში მისი დროულად გადაყვანა მოხერხდა და ყველაფერიც კარგად დასრულდა – ცოტნეს მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდა და კლინიკიდანაც მალე გამოწერენ“, – იუწყება „თელავის“ პრესსამსახური.
„თელავისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის მიზეზით, „დილას“- „თელავის“ მატჩი ორჯერ შეჩერდა. 21 წლის მცველი თავიდან წამოდგა და თამაში გააგრძელა, მაგრამ მალე ტკივილებმა შეაწუხა და წამოდგომას ვერ ახერხებდა.
მოედანზე მისი დარჩენა გაუმართლებელი იყო და სასწრაფო დახმარების მანქანით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის გამო თამაში საკმაო ხნით შეჩერდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაგრძელდა.