თელავის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებელს 25 ივნისიდან მიიღებს
თელავის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებელს 25 ივნისიდან მიიღებს

თელავის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებელს 25 ივნისიდან მიიღებს. პანდემიის გამო რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ვიზიტორების მისაღებად მუზეუმში აქტიურად ემზადებიან. მუზეუმში მისულებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან არის შესაბამისობაში.

მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს პირველ არხს ერეკლეს მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანა მაისურაძემ განუცხადა. მუზეუმში მისული დამთვალიერებელი ადგილზე თერმოსკრინინგს, ხოლო შემდეგ დეზობარიერს გაივლის, სპეციალური ხსნარით მოხდება მათი ხელების დამუშავებაც.

„მეფის სასახლე-მემორიალში შეზღუდული იქნება დამთვალიერებელთა რაოდენობაც და ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. გათვალისწინებული იქნება ორმეტრიანი სოციალური დისტანცირებაც“, – განაცხადა ანა მაისურაძემ.

მუზეუმის გახსნამდე, მისი პერსონალი პანდემიის პირობებში ვიზიტორებთან ქცევის წესებთან დაკავშირებით სპეციალურ ტრენინგს გაივლის.

პირველ ეტაპზე, თელავის ისტორიული მუზეუმში სტუმრებს მხოლოდ ერეკლე მეფის სასახლე-მემორიალის ნახვა შეეძლებათ.

დატოვე კომენტარი