თელავის ცენტრალური საავადმყოფო ხვალიდან კოვიდკლინიკად გადაკეთდება
თელავის ცენტრალური საავადმყოფო ხვალიდან კოვიდკლინიკად გადაკეთდება

თელავის ცენტრალური საავადმყოფო ხვალიდან კოვიდკლინიკად გადაკეთდება. კლინიკა 70 საწოლზეა გათლილი და აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

შიოშვილის ინფორმაციით, კოვიდკლინიკის გარდა თელავში ამოქმედდება მეორე კოვიდსასტუმრო.

კოვიდსასტურმოს სტატუსით იფუნქციონირებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, რომელიც ას ადგილზეა გათვლილი და სადაც ექიმთან ერთად მოქალაქეებს გადამზადებული კადრები მოემსახურებიან.

„დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეპიდვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები 24-საათიანი რეჟიმით ვმუშაობთ იმისათვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რეგიონში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი, სპეციალური აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულია ორი საავადმყოფო. კოვიდკლინიკის სტატუსით უკვე მუშაობს ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკა“, რომელიც 30 საწოლზეა გათვლილი, ხვალიდან კი, დაემატება თელავის ცენტრალური საავადმყოფო, სადაც 70 კოვიდინფიცირებულის მოთავსება და მკურნალობა იქნება შესაძლებელი. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება, რეგიონში კიდევ ერთი კოვიდკლინიკის დამატებაა შესაძლებელი, ეს იქნება საგარეჯოში“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

კახეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.