თელავის აგრარული ბაზარი ხვალიდან დროებით დაიხურება
თელავის აგრარული ბაზარი ხვალიდან დროებით დაიხურება

თელავის აგრარული ბაზარი ხვალიდან დროებით დაიხურება. ამის შესახებ რეკომენდაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ბაზრის ადმინისტრაციამ მიიღო. მათ ბაზრის მოვაჭრეებიც გააფრთხილეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს მოვაჭრეებმა განუცხადეს, ხვალ დილიდან საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

„ჩვენ კი ყველანაირად ვცდილობდით ჰიგიენის ნორმებიც დაცული გვქონოდა და დეზინფექციაც ყოველდღე ტარდებოდა, მაგრამ მოქალაქეებიდან ბევრი არ იცავდა დისტანციას. ვირუსი კი, როგორც გვეუბნებიან, ძალიან საშიშია. სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დავემორჩილოთ ამ აკრძალვას. თუმცა ეს ჩვენს ოჯახებს შემოსავლის გარეშე დატოვებს“, – აცხადებენ მოვაჭრეები.

ჯერ უცნობია, რამდენი ხნით დაიკეტება თელავის აგრარული ბაზარი.

ბაზრის ტერიტორიას დეზინფექცია სპეციალური საშუალებებით დღეში რამდენჯერმე უტარდებოდა. რამდენიმე დღის წინ დაწესდა გარკვეული შეზღუდვებიც. ბაზარში მომხმარებლებს რიგრიგობით უშვებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, თელავში აგრარული ბაზარი ხვალიდან დაიკეტება.

დატოვე კომენტარი