„თელავი“ 14 ფეხბურთელს შეელია და 13 ახალი მოთამაშე დაიმატა - კლუბმა კიდევ ორი ახალწვეული წარადგინა #1TVSPORT
„თელავის“ ღირსებას ირაკლი რუხაძე და ბრატისლავ ჯუკიჩი დაიცავენ, – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი რუხაძე თელაველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელია. მან ოთხი სეზონი ითამაშა „თელავის“ მაისურით და ქომაგსაც თავი საუკეთესოდ დაამახსოვრა. 26 წლის ნახევარმცველი ბოლოს უზბეკურ კლუბ „ალმაილიქში“ გამოდიოდა.
ბრატისლავ ჯუკიჩი სერბი მცველია. 23 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა საფრანგეთში, „ტრუაში“ დაიწყო. შემდეგ ასევე ფრანგულ „სედანში“ ითამაშა, მერე იყო მოკრძალებული „ლე ტოკე“ და ბოლოს სამშობლოში დაბრუნებულმა სერბეთის სუპერლიგის „იავორის“ მაისური მოირგო.
ამ ეტაპისთვის „თელავი“ 14 მოთამაშეს შეელია და 13 ახალი ფეხბურთელი დაიმატა: ბრატისლავ ჯუკიჩი, სტეფან დიმიჩი (ორივე – სერბეთი), ჯეფინიო, გუტი (ორივე – ბრაზილია), ამარ ბეგიჩი (ბოსნია), ევჰენი პროტასოვი (უკრაინა), მიხეილ ბაშელეიშვილი, გიორგი ქანთარია, თორნიკე მორჩილაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიორგი პაპუნაშვილი, და ირაკლი რუხაძე.