„თელასი“ ლიდერის ტიტულის შენარჩუნებას იმედოვნებს
„თელასი“ ლიდერის ტიტულის შენარჩუნებას იმედოვნებს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრაში „თელასმა“ „თბილისი“ კვლავ დაამარცხა – 8:4 და ფინალში ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

მეორე განმეორებით ნახევარფინალური დაპირისპირება კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ილიაუნის შორის თსუ-ს გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ამგვარად, ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ფინალში „თელასი“ და თსუ ითამაშებენ.

პირველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „თელასიდან” საქართველოს ნაკრების მოთამაშე ვახტანგ ჯვარაშვილი დასახელდა, ხოლო მეორე მატჩში – თსუ-ს მოთამაშე გიორგი ჩიმაკაძე. ორივე მოთამაშეს ესპანური სპორტული ბრენდი „ჯომასგან“ 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

ვახტანგ ჯვარაშვილი, „თელასი“: „კარგი თამაში გამოვიდა. სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ამის მერე მეტოქემ ოთხივე კონტრშეტევა შედეგიანად გამოიყენა. „თბილისმა“ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და მწვრთნელების მუშაობა ეტყობათ. მეორე ტაიმამდე მეტოქე ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ უფრო მოვინდომეთ, ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. სასიხარულოა, როცა ასეთ შეხვედრას ატრიალებ. ფინალში ჩვენი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნება იქნება“.

გიორგი ჩიმაკაძე, თსუ:„ილიაუნის მინდა მადლობა გადავუხადო, მართლა კარგი შეხვედრები გამოვიდა. კარგია, რომ მესამე შეხვედრა არ გახდა საჭირო და ძალები დავზოგეთ. ფინალისთვის ჩვენს შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ. „თელასი” ძლიერი გუნდია, მაგრამ იმედია მის დამარცხებას შევძლებთ“.