თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. დემონსტრაციის ორგანიზატორები ცენტრისტული ბლოკის წევრები იყვნენ, რომლებიც ისრაელის მთავრობის მეთაურის იმ ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ათასობით ადამიანი თელ-ავივის ცენტრში შეიკრიბა და ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო მიტინგი გამართა. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, დემონსტრანტების ნაწილი ისრაელის მთავრობის მეთაურის იმ გეგმასაც აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, ნეთანიაჰუ კოალიციის ფორმირებას მემარჯვენე და ულტრა-ორთოდოქსულ პარტიებთან აპირებს. მომიტინგეების თქმით, ასეთი ალიანსი შეასუსტებს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას ისრაელში.

ბევრ მომიტინგეს ხელში ოსმალეთის იმპერიის სიმბოლოები და თურქეთის პრეზიდენტის პორტრეტები ეჭირათ, წარწერებით „ერდოღანი უკვე აქ არის!“.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის ვადა 29 მაისამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისრაელის პრეზიდენტი მას ამ მანდატს ჩამოართმევს.