ტეხასის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

09:15, 07.05.2023

ტეხასის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რვა ადამიანია მოკლული, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათ შორის არიან ბავშვებიც.

მედიის ცნობით, კიდევ შვიდი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ექიმები აცხადებენ, მსხვერპლთა ასაკი 5-დან 51 წლამდე მერყეობს.

ინციდენტი ქალაქ ალენში მოხდა, რომელიც დალასის ჩრდილოეთით მდებარეობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა სავაჭრო ცენტრში უმისამართო სროლა დაიწყო. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.

დამნაშავის ვინაობა და მოტივი ჯერ უცნობია.

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის შეფასებით, ქალაქ ალენში „სიტყვებით გამოუთქმელი ტრაგედია მოხდა“. მან ადგილობრივ მთავრობას დახმარება აღუთქვა.

აშშ-ში წელს ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მასობრივი მკვლელობის 198 შემთხვევაა აღრიცხული.

მსგავსი