თეირანში აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა
თეირანში, აზადის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ქვეყნის მასშტაბით მსხვილ ქალაქებში დემონსტრაციები მეორე დღეა, იმართება. საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ირანის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის მიზეზად, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, ადამიანური ფაქტორი დაასახელა.
„ჩვენი მტრები აქ არიან და არა ამერიკაში“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მასშტაბური დემონსტრაციის ორგანიზება ინტერნეტისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელდა. პროტესტის მონაწილეთა უმეტესობა სტუდენტია.
ქუჩაში გამოსული მოქალაქეები მოითხოვენ, დაისაჯონ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირები და გადადგნენ ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი და სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
ირანელების მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში სპარსულ ენაზე მიმართვა გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ირანის ხელისუფლებას მიმართა, არ მოკლან აქციის მონაწილეები.