ბენჟამინ ტეიდი ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა, – ნიგერიელ ცენტრალურ ნახევარმცველზე ინფორმაცია საქართველოს ვიცე-ჩემპიონის პრესსამსახურმა გაავრცელა.
28 წლის ნიგერიელი ლეგიონერი ბათუმის კლუბში 2019 წლის 1-ელ იანვარს ჩაირიცხა და „დინამოს“ ფორმით 4 წელი ითამაშა, მაგრამ წლის დასაწყისში გუნდი დატოვა. ბენჟამინ ტეიდი ახალ კლუბში გადასვლას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ისევ საქართველოში დაბრუნება მოუხდა.
აფრიკელი ფეხბურთელი საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ არაერთ ქართულ გუნდში ითამაშა – კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, შემდეგ იყო ლანჩხუთის „გურია“, „ალგეთი“, ხონის „იმერეთი“, მარტვილის „მერანი“.
ტეიდი ბათუმის „დინამოში“ მეორედ დაბრუნდა. 2019 წელს ლატვიურ „ლიეპაიაში“ გადავიდა, მაგრამ მალე ისევ ბათუმის „დინამოში“ მიიღეს. სულ ვიცე-ჩემპიონის ფორმით ჩატარებულ 118 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.