ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან, რათა გაუმკლავდეს ექსტრემალური სიცხით გამოწვეულ ჯანმრთელობის საფრთხეებს

22:29, 28.06.2026

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. რეკორდული მაჩვენებელი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, 21 ივნისის შემდეგ, ევროპაში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული მიზეზების გამო 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ამჟამად დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს.

„სიცხით გამოწვეულ სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპაში სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ასეთი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან, რათა გაუმკლავდეს ექსტრემალური სიცხით გამოწვეულ ჯანმრთელობის საფრთხეებს, ფოკუსირებულია მზადყოფნაზე, პრევენციასა და ჯანდაცვის სისტემის უფრო ძლიერ რეაგირებაზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის ქვეყნებს, განახორციელონ სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმები, როგორც კლიმატის ცვლილებისგან ჯანმრთელობის დაცვის უფრო ფართო დღის წესრიგის ნაწილი“, – წერს ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის პერიოდში მოსალოდნელზე დაახლოებით 1000-ით მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გერმანიაში ზედიზედ მესამე დღეა, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ქვეყნის აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურამ 41.7 გრადუსი შეადგინა, ხოლო ჩეხეთში 41.1 დაფიქსირდა.

მსგავსი