ტედი რინერი ტატამს უბრუნდება

ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი მძიმეწონოსანი ტედი რინერი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება.

ლეგენდარული ფრანგის დაბრუნების შესახებ, ტელეკომპანია „ევრონიუსი“ (Euronews) იუწყება. მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რინერი თავის მიზნებზეც საუბრობს.

„ჩვენს სპორტში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბევრი არ არის, ასეთი მხოლოდ ერთი, იაპონელი ნამურაა, რომელმაც სამი ოლიმპიადა მოიგო. ასე რომ თუ კიდევ ერთ ოლიმპიურ ოქროს ავიღებ, ვიქნები ერთადერთი ძიუდოისტი, რომელმაც ოთხი ოლიმპიური მედალი, მათ შორის კი სამი ოქრო მოიპოვა. ეს არის მიზანი, რომელიც მე ჩემს თავს დავუსახე“, – ამბობს რვაგზის მსოფლიოს ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერმა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები, ლონდონსა და რიო დე ჟანეიროში მოიპოვა. პეკინში კი 2008 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სიუჟეტში საუბარია რომ, რინერი ტატამს შემოდგომაზე, ტოკიოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუბრუნდება, ოღონდ ჯერ მხოლოდ გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობაა გადაწყვეტილი. რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, ამის შესახებ ფრანგი გადაწყვეტილებას მომავალში, ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე მიიღებს. არსებობს რისკი, რომ ამ ეტაპზე მისმა სხეულმა ძლიერ ფიზიკურ დატვირთვებს სათანადოდ ვერ გაუძლოს და ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად, ლეგენდას წონის დაკლება დასჭირდეს.

ამ ეტაპზე ტედი რინერი პარიზში, აქტიურად ვარჯიშობს.