თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოვლინდა
თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის პირველი თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის ოთხი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 191 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა 49 ფაქტი, იმერეთში – 42, ქვემო ქართლში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 16, აჭარაში – 11, გურიაში კი ორი სამართალდარღვევა გამოვლინდა.

დედაქალაქში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 308 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.