თეა წულუკიანს საკონსტიტუციო პროექტზე შენიშვნები აქვს 
თეა წულუკიანს საკონსტიტუციო პროექტზე შენიშვნები აქვს 

ახალ კონსტიტუციაში თუ მე-18 მუხლი უცვლელად დარჩება, სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი ყველაზე ბევრი პირადი მონაცემის დამცველია, დაცვის გარეშე თავად აღმოჩნდება, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საყოველთაო სახალხო განხილვაზე გააკეთა.

“მე ერთი ძალიან პრინციპული პოზიცია მაქვს, რომელიც წინა განხილვების დროს გაზიარებული არ იქნა. ეს კონსტიტუციური კანონის მე-18 მუხლს და საჯარო ინფორმაციას ეხება. აქ სერიოზული ხარვეზებია. ტექნიკურით რომ დავიწყოთ, “პირადი საიდუმლოება” მოძველებული ცნებაა და გაპარული ხარვეზი პირადი მონაცემით უნდა შეიცვალოს. შინაარსობრივად მე-2, მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული პრობლემა გვაქვს. თუ ეს ასე დარჩა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ალბათ ერთადერთი ყველაზე ბევრი პირადი მონაცემის დამცველია, დაცვის გარეშე თავად აღმოჩნდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სერვისების განვითარების სააგენტო დღეს ყველა ჩვენგანზე პირად მონაცემებს ინახავს და ეს მონაცემები მაღალი ხარისხითაა დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვერ მივიღებდით. კანონით ძალიან მაღალი ევროპული დაცვის ხარისხი გვაქვს და კონსტიტუცია კანონს ჩამორჩება. მე გთავაზობთ, რომ მე-18 მუხლი უფრო მაღალ სტანდარტზე ავწიოთ და ეს ორი პუნქტი ევროპულ სტანდარტს დავუახლოვოთ. სამოქალაქო რეესტრის უარს კონსტიტუციური საფუძველი ჰქონდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხსაც გამოეხმაურა.

“რაკი ჩვენ კონსტიტუციიდან ორმაგი მოქალაქეობის ბრმა აკრძალვა ამოვიღეთ, კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლამდე, არაერთ მოქალაქეს მოქალაქეობა უწყდება, რადგან დღეს მოქმედი კონსტიტუციით მოქალაქეობა აკრძალულია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ტერმინი ხმოსნის ”საარჩევნო კოლეგიით” შეცვლას დასანანი უწოდა.

“ხმოსანი რატომ იცვლება. ეს რას ემსახურება? დასანანია, რომ ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ. როდესაც კონსტიტუციას შემოაქვს და აფუძნებს ქართულ სიტყვების შემოღებას, ეს მისასალმებელია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.