თეა წულუკიანმა სტეფანწმინდაში, თიანეთსა და დუშეთში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა
თეა წულუკიანმა სტეფანწმინდაში, თიანეთსა და დუშეთში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კერძოდ, სტეფანწმინდაში, დუშეთსა და თიანეთში იმყოფებოდა.

მინისტრი მხარის რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. სტეფანწმინდაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არის ბაკურ ავსაჯანიშვილი, დუშეთში – მანანა ნარიმანიძე, ხოლო თიანეთში – ლევან წიკლაური.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. თეა წულუკიანმა ისაუბრა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია არაერთი კულტურული, სპორტული თუ ახალგაზრდული პროექტის განხორციელება, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება რეგიონის განვითარებისთვის.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვიზიტისას მინისტრმა დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი ოთხ მილიონ ლარს აღემატება. თეა წულუკიანმა თიანეთში მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი მოინახულა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით განახლდა და დღეს, თიანეთში კულტურის ერთ-ერთი კერაა.

მინისტრმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა თიანეთის კულტურის სახლზე, რომელსაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონ ლარს აჭარბებს. კულტურის სახლში მოეწყო ახალი სცენა, დარბაზი, დამონტაჟდა გახმოვანებისა და განათების ახალი აპარატურა, ასევე განახლდა საოპერატორო და საგრიმიორო ოთახები. მცხეთა-მთიანეთში ვიზიტის ბოლოს, მინისტრმა დუშეთის ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაათვალიერა. 1957 წელს აშენებულ კულტურის სახლს 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა ახალი თეატრალური და საკონცერტო განათება, ცენტრალური გათბობა, შენობას დაემატა ოთახები, დაიგო ახალი იატაკი, ასევე, განახლდა ხმის ჩამწერი სტუდია და საგრიმიორო ოთახები, მოეწყო ეზო და განახლდა გარე ფასადი.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი