თეა წულუკიანმა ოპოზიციას მიმართა - პოლარიზაციას ჩემი ხისტი რიტორიკა კი არ ქმნის, თქვენი ბოიკოტი ქმნის, რომ არ ითანამშრომლოთ მმართველ ძალასთან 
თეა წულუკიანმა ოპოზიციას მიმართა - პოლარიზაციას ჩემი ხისტი რიტორიკა კი არ ქმნის, თქვენი ბოიკოტი ქმნის, რომ არ ითანამშრომლოთ მმართველ ძალასთან 

მთელი საპარლამენტო უმრავლესობა გიქადაგებთ, რომ ერთად გადავჭრათ პრობლემები, ერთად ვიმუშაოთ 12-პუნქტიან გეგმაზე. ზოგიერთ დეპუტატს ოპოზიციიდან ეს დღემდე არ უნდა. სწორედ ეს ქმნის ფსევდო თუ რეალურ პოლარიზაციას, ჩემი ხისტი რიტორიკა კი არა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებთან მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის პრობლემა.

„ამდენი ხანია, მთელი საპარლამენტო უმრავლესობა გიქადაგებთ იმას, რომ ერთად გადავჭრათ პრობლემები, ერთად ვიმუშაოთ 12-პუნქტიან გეგმაზე, ერთად შევიყვანოთ ქვეყანა ევროპაში, ერთად ვაკეთოთ საქმე. ზოგიერთ დეპუტატს ოპოზიციიდან ეს დღემდე არ უნდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. სწორედ ეს ქმნის იმ ფსევდო თუ რეალურ პოლარიზაციას. ჩემი ხისტი რიტორიკა კი არ ქმნის, ქმნის თქვენი ბოიკოტი. ზოგიერთის, რომ არ ითანამშრომლოთ მმართველ ძალასთან, რადგან ქურდული მენტალიტეტის შესაბამისად, რომლის მიმდევარიც არაერთი ოპოზიციონერი აღმოჩნდა, ხელისუფლებაში ვინც არის, მასთან თანამშრომლობა არის შეცდომა, დაუშვებელი. რაც უნდა არ მოგწონდეთ, ეს არის ქურდული მენტალიტეტი, საბჭოური მენტალიტეტი. თქვენ ხართ ამ მენტალიტეტის მატარებელი, როდესაც გრცხვენიათ, შეაქოთ მინისტრი, „არ მოსულა“, შეაქო მთავრობა და საზოგადოებაში ცდილობთ, ეს დაამკვიდროთ. მაგრამ არ გამოდის და ეს აისახება ყოველი არჩევნებისას „ქართული ოცნების“ მიერ დადებულ ციფრებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.