თეა წულუკიანმა ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გააცნო
თეა წულუკიანმა ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლუქსემბურგელ კოლეგას და ვიცე-პრემიერს, ფელიქს ბრაზს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთი დღით სპეციალურად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გასაცნობად ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ლუქსემბურგის პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

„ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას უძღვება, ამიტომაც მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველოში თეა წულუკიანის ინიციატივით განხორციელდა. ინოვაციური საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს დასავლეთის ქვეყნებმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათი შეფასებით, რეფორმის შედეგად შეიქმნა სპეციალიზებული ინსტიტუტი ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს, დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებსა და იმ ბავშვებს, ვისაც შეიძლება, მოწმის სტატუსი ჰქონდეს, სთავაზობს ისეთ მიდგომებს, რომლებიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც საყურადღებოა ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცულობის კუთხით“, – აღნიშნავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

თეა წულუკიანი ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრს მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღაზე, აგრეთვე საარბიტრაჟო სისტემისა და მედიაციის განვითარებაზეც ესაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, 2018 წლის დეკემბერში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იქცეს რეგიონის ბიზნეს და საარბიტრაჟო ცენტრად.

ლუქსემბურგის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელსაც შეხვდება. ფელიქს ბრაზი აღდგენითი მართლმსაჯულების დანაშაულის პრევენციის პროგრამებს და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნობა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აძლევს საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ალტერნატიული ფორმით და განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე.

ლუქსემბურგის დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.