თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს მიმართა - თქვენ დღეს ამ ტრიბუნასთან ბიზნესომბუდსმენი ხართ, თუ დეპუტატი
თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს მიმართა - თქვენ დღეს ამ ტრიბუნასთან ბიზნესომბუდსმენი ხართ, თუ დეპუტატი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კამათის მიზეზი გახდა.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი მიხეილ დაუშვილია. პროექტის მიხედვით, ხდება ჩანაწერის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას.

დაუშვილი აცხადებს, რომ ცვლილების ერთადერთი მიზანი ტექნიკური ხარვეზის გასწორებაა, რადგან კანონპროექტის ორი სხვადასხვა მუხლი ერთი და იგივე შინაარსისაა და ერთი უნდა გაუქმდეს. დეპუტატთა ნაწილი აღნიშნულს არ ეთანხმება.

სხდომაზე თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმის გაუქმება შრომით ურთიერთობებში უკან გადადგმული ნაბიჯია.

„თქვენ დასვით შეკითხვა, მიხეილ სარჯველაძეს ჰკითხეთ, ხომ კარგი იურისტი ხართო და არაუშავსავით იურისტია, რა ვიცი, ციხეში თუ ჩაგვსვეს, მოგვივლის ბევრ ადამიანს, კვალიფიკაცია აქვს კარგი, მაგრამ, თქვენ ბიზნესომბუდსმენი ხართ დღეს ამ ტრიბუნასთან, თუ დეპუტატი? არ მინდოდა ამ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ არ მომყვებით კონსტრუქციულ დიალოგში. ამ ნორმის ამოშლა არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში და კერძო სექტორში, თორემ არც ერთი სამინისტრო, არც ეს პარლამენტი და არც ერთი საჯარო დაწესებულება არ იკადრებს შრომის ურთიერთობებში და ვეღარ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს ხოლმე კერძო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვის დედასთან მიმართებაში, ჰომოსექსუალ ადამიანთან, ფეხმძიმე ქალთან მიმართებაში, შშმ პირთან მიმართებაში. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ერთი ზოგადია, რომელზეც თქვენ გვეუბნებით, რომ უფრო კონკრეტულ ნორმას ფარავსო და მეორე არის უფრო კონკრეტული.

ამ ორი ნორმით დასაქმებულ პირს აქვს უფრო მეტი დაცულობა და თქვენ ამას გნებავთ, უძახეთ ტექნიკური ხარვეზი, გნებავთ, ნუ უძახებთ. ბიზნესს ნამდვილად გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აყვავდნენ, არა ისე, რომ ფეხმძიმე ქალი არ მიუშვან სამსახურში, რადგან 9 თვეში შემდეგ ფული უნდა უხადონ დეკრეტული შვებულებისთვის. ამას ემსახურება ეს, მეტს არაფერს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის მიმართვამდე, მიხეილ დაუშვილმა მიხეილ სარჯველაძის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც კანონპროექტი სარჯველაძემაც გააკრიტიკა.

„თქვენ ძალიან წარმატებული იურისტი ბრძანდებით, როგორც მე ვიცი, საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა გქონდათ და როდესაც ერთი კანონის ორი სხვადასხვა ჩანაწერი არეგულირებს ერთსა და იმავე საკითხს, ეს ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს როგორც ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და თუნდაც იურიდიული რჩევის მიცემის დროს, ასევე სასამართლოში პროცესების წარმოების დროსაც. ამასთანავე, მეოთხე მუხლი პირდაპირ აკეთებს მითითებას, რომ მიუხედავად იმისა, რა სტატუსი გააჩნია შრომით ხელშეკრულებას, დისკრიმინაციის აკრძალვა აპრიორი მოქმედებს მხარეებს შორის. თვითონ იმ განმარტებაში, რომ მესამე მუხლის ამოღების შემთხვევაში, დასაქმებული ან პოტენციური დასაქმებული გახდება დაუცველი კანონიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ გეთანხმებით“, – მიმართა მიხეილ დაუშვილმა მიხეილ სარჯველაძეს.