თეა წულუკიანმა დავით კვაჭანტირაძეს მიმართა - სისხლის სამართლის ადვოკატი ვერ იტყვით, რომ არ იცოდით, რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს ციხეში, ასეთ პირობებში პატიმარ ბესო ხარძიანს ესაუბრებით წილის გადაცემაზე
თეა წულუკიანმა დავით კვაჭანტირაძეს მიმართა - სისხლის სამართლის ადვოკატი ვერ იტყვით, რომ არ იცოდით, რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს ციხეში, ასეთ პირობებში პატიმარ ბესო ხარძიანს ესაუბრებით წილის გადაცემაზე

სისხლის სამართლის ადვოკატი ციხეში ხვდებით პატიმარს და ესაუბრებით ისეთი წილის გადაცემაზე, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარი ღირს, ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ რაღაც სიბინძურესთან გქონდათ საქმე?, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ადვოკატ დავით კვაჭანტირაძეს კომისიის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმის განხილვისას.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სისხლის სამართლის ადვოკატი იმას ვერ იტყვის, რომ არ იცოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეში რა ხდებოდა.

„მაშინ პატარა ბიჭი არ იყავით, 32 წლის კაცს, ეჭვი მაინც არ შეგეპარათ რომ ციხეში მყოფ ადამიანთან გაგზავნიან, გიხდიან ამაში 2 000 დოლარს, შეიძლება 1 000-ს, მით უარესი და თქვენ მიდიხართ გაჭირვებაში მყოფ ადამიანთან. პატიმარი, რომელსაც ბორკილები ადევს და თავისუფლება აქვს აღკვეთილი, სულ რომ ფუფუნებაში ამყოფო, ქართულ ენაზე მას გაჭირვებული ადამიანი ჰქვია. იმას ვერ იტყვით სისხლის სამართლის ადვოკატი, რომ თქვენ არ იცოდით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეში რა ხდებოდა, ამას ვერ იტყვით და იმედი მაქვს, არ იტყვით. მიდიხართ ასეთ პირობებში სისხლის სამართლის ადვოკატი ციხეში, ხვდებით პატიმარს და ესაუბრებით ისეთი წილის გადაცემაზე, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარი ღირს. ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ რაღაც სიბინძურესთან გქონდათ საქმე?“, – მიმართა თეა წულუკიანმა დავით კვაჭანტირაძეს.

წულუკიანის კითხვის საპასუხოდ დავით კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ „იმ ხარისხით“ რომ შეპარვოდა ეჭვი, აუცილებლად უარს იტყოდა.

„ყოველ შემთხვევაში, ჩავთვალე, რომ ბატონ ბესოს იმ მომენტში სურდა მინდობილობის გაცემა და ეს მისი ნამდვილი ნება იყო, არ უთქვამს რაიმე ისეთი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე – დღეს, უკვე 50 წელს მიღწეული კაცი თუ აცნობიერებს, რომ ძალიან ბინძურად, ბინძურ საქმეში გამოიყენეს და გააუბედურებინეს ძალიან ბევრი ადამიანი, კვაჭანტირაძემ უპასუხა:

„ვფიქრობ, მე უშუალოდ ბატონი ბესოსთვის, არაფერი დამიშავებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, განვიცდი იმ მძიმე სიტუაციას, ის, რაც მოხდა შემდეგ, საერთოდ მკვლელობით დასრულდა. ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა და ჩემმა კოლეგებმა იციან ჩემი რეპუტაციის შესახებ, ამიტომ, მე ამ რეპუტაციას რისკზე არ შევაგდებდი, მე რომ თავიდან სწორად გამეანალიზებინა ეს სიტუაცია. უბრალოდ, ის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც მე მქონდა შეხება, ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდა“.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმე განიხილება. კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს ბიზნესმენის შვილს, ბესო ხარძიანს და გიორგი უდესიანის დის ქმარს, პატიმარ ზაზა გუგავას.