თეა წულუკიანმა - დასანანია, რომ იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ჯემალ ლეონიძე, მამუკა ხაზარაძე ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს, კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს
თეა წულუკიანმა - დასანანია, რომ იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ჯემალ ლეონიძე, მამუკა ხაზარაძე ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს, კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს

დასანანია, რომ იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ჯემალ ლეონიძე, მამუკა ხაზარაძე ამ ყოველივეს მორიგჯერ უკვე სიტყვიერად შეურაცხყოფს, კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს, – „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე ისმენდა ჯემალ ლეონიძის გამოსვლას და „ფეისბუქის“ მეშვეობით განაცხადა უარი მოსვლაზე. ამ კომისიას უწოდა ცირკი, თქვა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. ვიმსჯელებთ მის უარზე, ვინაიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული. სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის გადაგზავნა საქართველოს პროკურატურაში. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის დღეს არის დაბარებული. გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ოფისში უარი განაცხადა ჩვენი შეტყობინების ჩაბარებაზე, თუმცა იურისტისა და ასისტენტის მეშვეობით ჩვენთვის დადასტურებულად არის ცნობილი, საქმის კურსშია, რომ ის მოწვეული იყო დღეს და კვლავ არის მოწვეული კომისიის სხდომაზე. დიდი იმედი გვაქვს, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის გამოცხადდება დღეს და პასუხს გასცემს შეკითხვებს, რომლებიც გვაქვს. ახსნა-განმარტების მოსაცემად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გვყავდა მოწვეული მამუკა ხაზარაძე. სამდივნომ რამდენიმე დღის წინ დაამყარა სატელეფონო კონტაქტი მამუკა ხაზარაძესთან. აუხსნა, რომ მოწვეული იყო კომისიის ამა და ამ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით. ბატონმა მამუკამ გაიკვირვა და სამდივნოს ჰკითხა, საერთოდ რა კავშირი ჰქონდა მას შპს „მაგნატის“ საქმესთან. სამდივნოს შესთავაზა, წერილობით ეცნობებინა ყოველივეს შესახებ. ამის შემდეგ სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს ტელეფონის მეშვეობით, „ვოთსაფის“, ასევე „სიგნალის“, მგონი, ესემესითაც წერილობით შეატყობინა იმის შესახებ, რომ დღეს, 11:00 საათზე მოწვეული იყო სხდომაზე. ახლა უკვე 12:00 საათია. ის, რა თქმა უნდა, გამოცხადებული არ არის. ასევე, მან სულ რამდენიმე წუთის წინ, მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძე საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და სხვებმა მასთან დაამყარეს კონტაქტი და ვრცლად ახსნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა ფეისბუქპოსტი, სადაც ამბობს, რომ ეს კომისია თურმე ყოფილა ცირკი და ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. დასანანია, რომ იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ჯემალ ლეონიძე, მამუკა ხაზარაძე ამ ყოველივეს მორიგჯერ უკვე სიტყვიერად შეურაცხყოფს, კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევა ოდნავ განსხვავებულია. მამუკა ხაზარაძემ, რეალურად, ფეისბუქპოსტიდან გამომდინარე აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი, აპირებდა თუ არა მოსვლას დღეს, ხომ არ მოიცლის ხვალ, ორ დღეში, ერთ კვირაში და ხომ არ გამოცხადდება, მაგალითად, ვიდრე კომისია მუშაობას დაასრულებს. ფეისბუქპოსტის ტექსტიდან გამომდინარე, რაც წევრებს დაგეგზავნათ რამდენიმე წუთის წინ, ვფიქრობ, აქ ეჭვი არ არსებობს. ამიტომ მინდა, შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ბევრჯერ განვაცხადე და, როგორც ჩანს, მან მაინც ვერ გაიგო. იმედი მაქვს, სხვები გაიგებენ, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, ხუმრობით ვიყოთ დაკავებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.

როგორც წულუკიანმა განმარტა, 349-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, სხვადასხვა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელს.

„არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოში. ამ კოდექსს აქვს თავისი სხვადასხვა ნორმა და არის ასეთი მუხლი, ნომერი 349. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობა მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე, უარს იტყვი კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენაზე, კომისია რომ იმსჯელებს და გარკევულ მოთხოვნას ჩამოაყალიბებს, ამას არ შეასრულებ. ამისთვის 349-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, სხვადასხვა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.