თეა წულუკიანმა ალპინისტური ბანაკის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა #1TVSPORT
თეა წულუკიანმა ალპინისტური ბანაკის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლეს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს ავთანდილ ცინცაძეს.

აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ცინცაძე გახლავთ მეთერთმეტე ქართველი, რომელმაც 2019 წელს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო.

მინისტრმა ავთანდილ ცინცაძისგან ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მოისმინა. თეა წულუკიანმა მხარი დაუჭირა ფედერაციის იდეას ალპინისტური ბანაკის შექმნის შესახებ და ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ამ იდეის განხორციელებისათვის საჭირო სამოქმედო გეგმა დასახა.

მინისტრის აზრით, ალპინისტური ბანაკი ხელს შეუწყობს როგორც სპორტული მთამსვლელობის ქართული ტრადიციის აღორძინებას, ასევე ახალგაზრდების დაინტერესებას და ჩართულობას, რაც სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.

თეა წულუკიანის განცხადებით, ალექსანდრა ჯაფარიძისა და მიხეილ ხერგიანის ქვეყანაში, სპორტის სამინისტროს ვალია, ხელი შეუწყოს ფედერაციასა და მთამსვლელებს ძველი პოზიციების გამყარებასა და ახალი გამარჯვებების მიღწევაში.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური