თეა წულუკიანი - ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშეა, მას მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები ისე, რომ ამით არ დავაზიანოთ სახელმწიფოებრიობა
თეა წულუკიანი - ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშეა, მას მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები ისე, რომ ამით არ დავაზიანოთ სახელმწიფოებრიობა

არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც არ ემიჯნება ძალადობას, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინდელი მოვლენების შეფასებისას.

წულუკიანის თქმით, ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშეა და მას მოფრთხილება სჭირდება.

„საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამც თუ მინისტრი, არამედ ადამიანი – იქნება ეს ერისკაცი, თუ სასულიერო პირი, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას. ძალიან მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზიანდა – არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ სხვა ადამიანს. აქვე, მინდა ვთქვა, რომ პოლიცია არა მხოლოდ გუშინ, აქციის დღემდეც იმ ფარგლებში მოქმედებდა, რაც მას შეეძლო. ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან მათი მხრიდან. ამიტომაც, ასეთი დასკვნის გაკეთება შემიძლია, რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ ხოლმე ყველამ საკუთარ თავს, რომ გავეცნოთ რამდენიმე წიგნს მაინც ადამიანის უფლებების სამართალში. თუ უფრო გაინტერესებთ, რას ვგულისხმობ, შეიძლება, ნებისმიერი გადაცემის პირობებში გაიშალოს ჩემ მიერ, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის მიერ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიერ.

ასევე, ყველამ ჩვენ თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომ ეს სამშობლო არის უამრავი გამოწვევის წინაშე, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ მრავალათეული წლის წყვეტის შემდეგ 90-იანი წლებში, იმას მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ როგორმე ერთმანეთის უფლებები ისე, რომ ამით არ დავაზიანოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით; ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ასე არის ახლაც და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.