თეა წულუკიანი - ყველა პენიტენციური სისტემა სასწორივით უნდა იყოს
თეა წულუკიანი - ყველა პენიტენციური სისტემა სასწორივით უნდა იყოს

ყველა პენიტენციური სისტემა სასწორივით უნდა იყოს, – განაცხადა ვიცე პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„არ შეიძლება, პატიმრის უფლებები თანამშრომელთა ძალაუფლების ზრდის და დაუსჯელობის ხარჯზე ირღვეოდეს და თანამშრომელს საკუთარი თავი ძლიერი იმიტომ ეგონოს, რომ პატიმარი დაჩაგრა. აღარაფერს ვამბობ ცემასა და წამებაზე. ასევე, არ შეიძლება, სისტემა მხოლოდ პატიმარზე ზრუნავდეს და ავიწყდებოდეს საკუთარი თანამშრომელი, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა. შესაბამისად, საჭიროა, დაბალანსებული ზრუნვა, როგორც პატიმარზე, ისე თანამშრომელზე, რომელსაც არ დაგვავიწყდეს, პატიმარი არ ჰქვია, თორემ ის რეალურად, პატიმართან ერთად იხდის სასჯელს. არა ერთ დაწესებულებაში ჩვენ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ჩვენი თაობის ადამიანები რომ დავიბადეთ, მაშინაც ციხეში მუშაობდნენ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, მთელ ცხოვრებას პატიმრებთან ერთად ატარებენ და ზოგიერთი „უვადო პატიმარია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ ამ თანამშრომლებზე სახელმწიფომ არ იზრუნა, პატიმარი ისეთი უფლებებით აღჭურვილი ხდება, რომ თავს უფრო ადვილად აძლევს უფლებას, ეს უუფლებო თანამშრომელი შეურაცხყოს, ხელი გაარტყას და ასე შემდეგ. 

„აღარაფერს ვამბობ სხვა ტიპის შეურაცხყოფაზე, რომელიც მაგალითად, ჩვენს ექთნებს დღეში რამდენჯერმე მოსდით და ეს მათი ყოველდღიური სამუშაოა“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მისი პრიორიტეტია, ეს ადამიანები ჩაცმულ-დახურული იყვნენ და მათ მორიგეობისას არ შიოდეთ.

„რა თქმა უნდა, ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ კეთილი ვინებეთ და ეს ხარჯები სასწრაფოდ მოვიძიეთ. დღეს, მათ ფორმაც აცვიათ და შარშან პირველად დავნერგეთ კვება ყველა დაწესებულებაში, ყველა მორიგე თანამშრომლისთვის. შესაბამისად, მათ სახლიდან, მარტივად ვიტყვი, პურის და ყველის მოტანა აღარ სჭირდებათ. ეს მათი ყოველდღიური ცხოვრება იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პატიმრებზე ზრუნვა პრიორიტეტად უნდა დარჩეს, მაგრამ დადგა დრო, როცა სახელმწიფოს შეუძლია და ვალდებულია, თანამშრომლებს მიხედოს, გააძლიეროს, შეძლებისდაგვარად ხელფასები მოუმატოს და მათ იგრძნონ, რომ გულშემატკივარი მთავრობა ჰყავთ.

„მანამდე, ამის ფუფუნება არ ჰქონდა ჩვენს მთავრობას და სახელმწიფოს, როდესაც ნაწამები ციხე ჩაიბარა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.