თეა წულუკიანი - თაკო ჩარკვიანი ვინც ძალით გააპოლიტიკოსა, იმას მიეცემა „ქართული ოცნებისა“ და ჩემი დიდი ცოდვა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ, მინისტრსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„მე პოლიტიკოსი და პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, მგონი საკმარისად ბევრი ვისაუბრე და კიდევ ვისაუბრებ კულტურასა და სპორტზე, მაგრამ თქვენ არ ხართ ის, ვინც მე პოლიტიკურ დებატს, დიკუსიას ან პოლიტიკოსობას ამიკრძალავს, რადგან კანონში მიწერია, რომ მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ. დღეს თქვენ არ გელოდით აქ, რადგან თქვენ თქვით, რომ ვინც პარლამენტში შევა, ისო, ცუდი სიტყვები გამოიყენთ“, – მიმართა ჩარკვიანს თეა წულუკიანმა.

ამასთან, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ცუდ სიტყვებს არ იძახის.

„ცუდ სიტყვებს არ იძახით, მაქედან უნდა ჩამოგათრიოო, წეღან არ მითხარით, ჩემი ჩამოთრევა არც ისე ადვილია“, – აღნიშნა წულუკიანმა და სხდომათა დარბაზში დამსწრეებს თაკო ჩაკრვიანის განცხადებები მოასმენინა, სადაც ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, ივანიშვილის მონა იქნებოდა.

„ლეიბებზე კოტრიალს აღარ მოგასმენინებთ. რადგან პარლამენტში შემოხვედით, ხართ სამარცხვინო, ივანიშვილის მონა, მონა ქალი იზაურა ნანახი გაქვთ ალბათ. თქვენ ხართ ერთადერთი ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი და მე თქვენ მოგასმენინებთ, რას ამბობთ ჩემზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ჩართო ვიდეო, სადაც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი არის ბუჩქის ძირად ამოსული უკულტურო ია და ქალბატონად არ იწოდება.

რის შემდეგაც თაკო ჩარკვიანმა წულუკიანს მიმართა, რომ შოუს აწყობდა.

„მე შოუს მინისტრიც ვარ. თქვენ ხელში უკვე არ ვიცი, რად ვიწოდები, ასეთი ოპოზიციის ხელში ძნელია, ხელისუფლებაში იყო და ღირსეულად იმსახურო, რადგან უღირსი საქციელის ფონზე გიწევს საქმიანობა. ია რომ მეძახეთ მადლობა, შეგეშალათ, ასე მგონია, ღობის ძირას ამოსული ია რომანტიული და საყვარელია, სხვა რაღაც უნდა გეთქვათ, უფრო უშვერი რაღაც. თქვენ ისეთ შეცდომას უშვებთ, რაც „ნაციონალებსაც“ კი არ დაუშვიათ ჩემთან მიმართებაში, რადგან ისინი თქვენგან განსხვავებით, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და იციან, ჩემზე პირადი შეურაცხყოფები არ მოქმედებს, მაგრამ საგნობრივად რა უნდა მელაპარაკოთ, ქალბატონო თამარ, როდესაც თქვენ ისე ხდებით ძალიან ბევრი წლის, რომ ვერ აისრულეთ კულტურის მინისტრობის ოცნება. ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რაც ჩემდამი აგრესიით განგაწყობთ. მე დღესაც მზად ვარ, დაგითმოთ ეს ადგილი, მობრძანდით და ვნახოთ, როგორ უხელმძღვანელებთ ამ უმნიშვნელოვანეს სისტემას. ძალიან საინტერესო ხანა იქნება, ამისთვის თქვენ უნდა დაელოდოთ, თქვენს გალიაში მჯდომი ბელადი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მანამდე თქვენი გაკულტურების მინისტრობა და გაკულტურულება უპერსპექტივო ამოცანაა. საგანძურზე წუხილი თქვენგან არ მახსენდება ქალბატონო თაკო, ვიდრე არ გაპოლიტიკოსდებოდით და ვინც თქვენ ძალით გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა „ქართული ოცნების“ და ჩემი დიდი ცოდვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი