თეა წულუკიანი - ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას, დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებული, რადგან ეს არ მოხდა
თეა წულუკიანი - ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას, დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებული, რადგან ეს არ მოხდა

ეჭვი მქონდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, რომ ასე არ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს, რომ დაუთმო დრო მთავრობას, რათა ჩაებარებინათ ანგარიში, როგორ გაუმკლავდნენ კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს.

„დავასრულეთ პრემიერ-მინისტრის 11-საათიანი მოსმენა პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოსმენა ჩატარდა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით. მადლობა ეკუთვნის პარლამენტს, რომ მთელი დღე სწორედ მთავრობის მოსმენას დაეთმო, რათა საზოგადოებისთვის ჩაგვებარებინა ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს და რას ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ეტაპი არ დადგეს და ე.წ მეორე ტალღა არ მოხდეს შემოდგომაზე.

ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ იმედგაცრუებული ოპოზიციური ფლანგი. მე პირადად მქონდა ეჭვი, რაც დღეს დამიდასტურდა. ეჭვი მქონდა, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, რომ ასე არ მოხდა. მათ ჰქონდათ ნატვრა, რომ კორონათი დაზიანებული ხალხი შემოუბრუნდებოდა საკუთარ ხელისუფლებას და ამით იხეირებდნენ. ეს ასე არ მოხდა და იყვნენ ძალიან მძიმედ. ჩვენ ამის საპირისპიროდ გვაქვს შედეგები და ეს შედეგები არის პოზიტიური“,- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საზოგადოებამაც ფეხი უნდა აუწყოს პრევენციულ ზომებს, რათ ვირუსი საბოლოოდ დამარცხდეს.

„ახლა უნდა მივყვეთ ძალიან სწრაფი ტემპით ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა ვაჩვენოთ მორიგჯერ, რომ მართალია, ეს ვირუსი მსოფლიოსთვის იყო სიურპრიზი, ასე იყო საქართველოსთვისაც და ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამაში, მაგრამ ეს არ კმარა და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. საზოგადოებამაც ფეხი უნდა აუწყოს პრევენციულ ზომებს, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ ვთქვათ, რომ ვირუსი დავამარცხეთ“,- განაცხადა წულუკიანმა.