თეა წულუკიანი - თვალშისაცემია საკონსტიტუციო რეალობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი და არავის ექვემდებარება
თეა წულუკიანი - თვალშისაცემია საკონსტიტუციო რეალობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი და არავის ექვემდებარება

საქართველოს პრეზიდენტს რურუასთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია, – ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი.

„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება. მინდა, ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას, ნებისმიერ სხვა პოზიციას, თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით“, – განაცხადა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. „მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.