თეა წულუკიანი - თუ ოპოზიციას ინაუგურაციის ჩაშალა სურდა, ამის საშუალებას ვერც ერთი სახელმწიფო მისცემდა
თეა წულუკიანი - თუ ოპოზიციას ინაუგურაციის ჩაშალა სურდა, ამის საშუალებას ვერც ერთი სახელმწიფო მისცემდა

გუშინდელი აქციის მონაწილეებს მიზანი თუ ინაუგურაციის ადგილზე შესვლა იყო, ეს არ იყო კანონიერი მიზანი, რადგან ინაუგურაციის ხელშეშლის უფლებას ვერც საქართველოს სახელმწიფო მისცემდა მათ და ვერც ერთი ევროპულ სტანდარტზე დაფუძნებული ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუშინ პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი, მათ შორის თმენის ვალდებულების დაცვის კუთხით.

„ინაუგურაციის დღემდე ბევრჯერ ითქვა, მათ შორის ჩემ მიერ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა მაგალითი, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვუფრთხილდებით და ვიცავთ მას მაღალი ხარისხით. ნებისმიერ შემთხვევაში არსებობა ზღვარი ნებისმიერი თავისუფლების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების. გუშინ ამ თავისუფლებით მოსარგებლე პირებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, ეს იყო ნორმალური და იყო პოლიციის მიერ თავისუფლება დაცული. როდესაც ამ უფლებით მოსარგებლე პირებმა მიზნად დაისახეს არ ეთანამშრომლათ სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რათა საკუთარი უფლებით ესარგებლათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, აქ მოხდა აღკვეთა იმისა, რომ ინაუგურაციის პროცესი მათი მხრიდან ყოფილიყო ხელშეშლილო ან უარეს შემთხვევაში ჩაშლილი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თუ აქციის მონაწილეებს მინზად ჰქონდათ, ინაუგურაციის ჩაშლა, მათ ამ მიზნის მიღწევაში აუცილებლად შეხვდებოდათ წინააღმდეგობა.

„მათ მიეცათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. მთელმა ქვეყანამ მოისმინა მათი განსხვავებული აზრი და ასეც უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.