თეა წულუკიანი - სულხან მოლაშვილი ჰყავდათ დილეგში, საჭმლის, სკამის, საწოლის გარეშე, ევროკავშირის ელჩმა თქვას, კარგია ეს თუ ცუდი, კარგი იქნება, თუ შეწყვეტს ზრუნვას სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობაზე“
თეა წულუკიანი - სულხან მოლაშვილი ჰყავდათ დილეგში, საჭმლის, სკამის, საწოლის გარეშე, ევროკავშირის ელჩმა თქვას, კარგია ეს თუ ცუდი, კარგი იქნება, თუ შეწყვეტს ზრუნვას სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობაზე“

სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი, როცა მოლაშვილის საქმე შემოვიდა. საქმის მასალებიდან ჩანდა, რომ ეს ადამიანი იყო ნაწამები ციხეში. საქართველოში არცერთი საელჩო, არცერთი უცხოელი – ვითომ არაფერი ხდება, ისე იქცეოდნენ, რადგან სააკაშვილისთვის გზა უნდა გაეწმინდათ აღზევებისკენ. სულხან მოლაშვილი და მისი საქმე, რეალურად, იყო წინაღობა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სულხან მოლაშვილმა ამ თავისი პირველი პრეცედენტით ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა, რომ სტრასბურგში ეჩივლა და იმავე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოეთხოვა.

„სულხან მოლაშვილის საქმემდე სტრასბურგის სასამართლოს არცერთხელ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ რომელიმე სახელმწიფოსთვის, არამცთუ საქართველოსთვის, დაევალებინა, პატიმარს უმკურნალე ციხეშიო. იმ დროს ასეთი დავალებები გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ დეპორტაციების, გაძევების, ექსტრადიციების შემთხვევაში ან ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, როცა, მაგალითად, ოჯახი უნდა გაიხლიჩოს, თუ ქმარს გააძევებენ უცხოეთში და ცოლ-შვილი დარჩება ადგილსამყოფელ ქვეყანაში. სხვა შემთხვევებში ასეთი ტიპის დავალებები არ გაიცემოდა. სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის. მაშინ სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ დაავალეს საავადმყოფოში გადაყვანა და ასევე მკურნალობა C ჰეპატიტზე. შემდეგ სულხან მოლაშვილმა ამ თავისი პირველი პრეცედენტით ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა იმისკენ, რომ სტრასბურგში ეჩივლა და იმავე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოეთხოვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩის მიმართ მოწოდებაა, რომ შეაფასოს სულხან მოლაშვილის მიმართ მოპყრობა. წულუკიანის თქმით, „კარგი იქნება, თუ ევროკავშირის ელჩი შეწყვეტს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას“.

„ბატონო გურამ, ასეთი იყო მაშინ უცხოელების ქცევა. მე შემიძლია, მხოლოდ ჩემს კოლეგებთან ერთად შევუერთდე თქვენს მოწოდებას. სულხან მოლაშვილის მამა, რომელიც ჰყვება წამებაზე, სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში რომ დამართა, -1 სართულზე ჰყავდათ დამწყვდეული, უჰაეროდ, დილეგში, საჭმლის, სკამისა და საწოლის გარეშე, დაუწვეს ზურგი სიგარეტის ნამწვავებით. ამ დროს რომ არ ეყვირა, თავზე ჩამოაცვეს ცელოფანი და გუდავდნენ, არ უმკურნალეს C ჰეპატიტზე, გარეთ მყოფ ოჯახს აყიდვინეს აგარაკი, გადააცემინეს სახელმწიფოსთვის – გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი, თქვას მხოლოდ ერთი სიტყვა, კარგია ეს თუ ცუდი. მეტს მისგან არაფერს ვითხოვთ. კარგი იქნება, თუ ის პირადად შეწყვეტს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას, დარდს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.