თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დავანგრიეთ რუსული ნარატივი, თითქოს თავს დავეცით ცხინვალს
თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დავანგრიეთ რუსული ნარატივი, თითქოს თავს დავეცით ცხინვალს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დავანგრიეთ რუსული ნარატივი იმის შესახებ, თითქოს ჩვენ თავს დავეცით ცხინვალს, ეთნიკურად ჩვენს ოს თანამოქალაქეებს უჩნდებათ საერთაშორისო სამართლით თვითგამორკვევის უფლება ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დიდი გამარჯვებაა.

„დღეს, რაკი უკვე გადაწყვეტილება საბოლოოა, შემიძლია ღიად ვთქვა, ამით საბოლოოდ დავანგრიეთ რუსული ნარატივი იმის შესახებ, რომ ჩვენ თავს დავეცით ცხინვალს, და რაკი თურმე თავს დავეცით ცხინვალს, როგორც ამას რუსეთი ამბობდა, ეთნიკურად ჩვენს ოს თანამოქალაქეებს უჩნდებათ საერთაშორისო სამართლით თვითგამორკვევის უფლება.

21 იანვარს ეს ნარატივი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. მე მესმის, რომ აქ მყოფ უწყებებს გაუჭირდებათ ამაზე საუბარი. ბატონი გოჩა მინისტრია და აქ ვერ ისაუბრებს, მე დღეს შედარებით თავისუფალი ადამიანი – დეპუტატი ვარ და შემიძლია ღიად ვთქვა. ფრანგები ამბობენ, ქოთანს ვუვლით გარშემოო. მოდით, მე ქოთანს არ ვუვლი გარშემო და ვიტყვი, თვითგამორკვევა ვერსუს ტერიტორიული მთლიანობა, ეს დილემა იდგა ჩვენს წინაშე. იდგა ჩვენს წინაშე მრავალი წელი და ამ განაჩენმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწონა სასწორი ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ. ეს არის სწორედ ის დიდი გამარჯვება, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ.

და იმ ბავშვებმა, იმ ახალგაზრდებმა, ვინც უნდა მოვიდეს მომავალში ხელისუფლებაში, ვინც უნდა დაბრუნდეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მათ შეიძინეს სამართლებრივი საშვი. მათ ჰქონდათ სხვა საშვები და საშვი დასაბრუნებლად არ სჭირდებათ, ასე ვიტყოდი, მაგრამ ეს სამართლებრივი დოკუმენტი, იარაღი, ბერკეტია, რომელიც მათ იმ თავიანთ სახლში დააბრუნებთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეპუტატებს ანგარიშს აცნობს.

დატოვე კომენტარი