თეა წულუკიანი - სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას პოლიციის ბრალი ეგონოს
თეა წულუკიანი - სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას პოლიციის ბრალი ეგონოს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს საკითხი მხოლოდ ერთი სამინისტროს პასუხისმგებლობა არ არის და საჭიროა, უწყებათშორისი მუშაობის გაძლიერება.

„იდეას შემოგთავაზებდით თუ ამას გაიზიარებდით, რომ განათლების სამინისტროსთან, სოციალურ სააგენტოსთან ცოტა უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ყველამ ერთად რომ მუდმივად, საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ნებისმიერი შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა და ბრალი. ჩვენ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, – ძალიან ამაყი ვარ რომ ამ ძალიან დიდი დოკუმენტზე ხელმოწერის პატივი მე მხვდა წილად 2014 წელს სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს – არ გაგვიკეთებია „ქართულ ოცნებას“ ამ დიდი დოკუმენტის რატიფიცირება, რათა ოჯახში ძალადობა, ისევ ყველას ეგონოს რომ არის პოლიციის ბრალი და თემა მხოლოდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ეს თემები გამხდარიყო უწყებათაშორისი მუშაობის საგანი.

„როდესაც მასწავლებელს კლასში დაუდის ის ქობულეთელი გოგო, რომელიც სკოლაში დადიოდა, მე მაინტერესებს და აქ რომ გვეყოლება მინისტრი დავუსვამ კითხვას – რა გააკეთა მასწავლებელმა? ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას კანონში მასწავლებელს და დირექტორს ვალდებულება, რომ ეს გამოავლინოს. რას აკეთებდა სოცმუშაკი? – ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება“, – განაცხადა წულუკიანმა.

დეპუტატმა შინაგან საქმეთა მინისტრს შესთავაზა, სხვა უწყებებთან მუშაობის გაძლიერების მიმართულებით ინიციატივა აიღოს.

„თქვენ გაქვთ თქვენი კომპეტენციები, მე ამას არ უარვყოფ და პასუხიც გექნებათ, მაგრამ მუდმივად იმის ძახილი, რა გააკეთეთო, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს თემა, ამას ემსახურება სტამბოლის კონვენცია, ამიტომ თქვენ ალბათ კარგი იქნებოდა, თუ მაქვს ამისი უფლება, რომ შემოგთავაზოთ, ამ უწყებებთან უფრო რაღაცნაირად თქვენ აიღოთ ინიციატივა, რომ ყველამ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს. მერი, სად იყო მერი, სად იყო მერის წარმომადგენელი იმ კონკრეტულ სოფელში თუ უბანში, არ იცოდა, ოჯახში რა ცოდვის განკითხვა ტრიალებდა? ეს არ არის ერთი ადამიანის და ერთი უწყების თემა, ეს არის უწყებათაშორისი საკითხი და იქნებ, თქვენ აღიმაღლოთ ამ მიზნით ხმა, რაშიც ჩვენც დაგეხმარებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.