თეა წულუკიანი - გრიგოლ ვაშაძემ სია წარმოადგინა, უცხოელების გასაგონად ვუპასუხე, რომ სიაში ჩამოთვლილი გვარ-სახელები საერთოდ არ იმყოფებოდნენ საპატიმროში, სახე ჰქონდა შეფაკლული და ამით ამოიწურა ეს თემა
თეა წულუკიანი - გრიგოლ ვაშაძემ სია წარმოადგინა, უცხოელების გასაგონად ვუპასუხე, რომ სიაში ჩამოთვლილი გვარ-სახელები საერთოდ არ იმყოფებოდნენ საპატიმროში, სახე ჰქონდა შეფაკლული და ამით ამოიწურა ეს თემა

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მოლაპარაკებებზე არც ერთ მომენტში არ ყოფილა საუბარი ე.წ. პოლიტპატიმრებზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„მით უმეტეს, არ ყოფილა ჩვენი მხრიდან რამე ტიპის არამც თუ დაპირება, არამედ ამ თემაზე დისკუსიაც კი არ შემდგარა. იქ მყოფ, მეორე მხარეს მსხდომ მამაკაცებს შორის ყველაზე თავაზიანობით გამოირჩეოდა ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს თავისი ქაღალდებიდან რაღაც სია ამოაძვრინა და პატიმრებზე საუბარი დაიწყო. მე, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, მას ეს სია ჩემივე ინიციატივით გამოვართვი, წამოვიღე და სია დამუშავდა. მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე ეს სია მივიტანე და უცხოელების გასაგონად ვუპასუხე, რომ მის სიაში ჩამოთვლილი გვარ-სახელები საერთოდ არ იმყოფებოდნენ საპატიმროში. მას სახე ჰქონდა შეფაკლული, ასე ვიტყოდი და ამით ამოიწურა ეს თემა“, – განაცხადა წულუკიანმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა გაიხსენოს, ვინ იყო ამ სიაში, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სიაში უცნობი გვარ-სახელები იყო მითითებული.

„ამ გვარებს ვერ გავიხსენებ. ეს იყო უცნობი გვარ-სახელები. დაახლოებით, 60 ადამიანი და როგორც გითხარით, აღმოჩნდა, რომ იმ დროს არც ერთი არ იყო პატიმრობაში. ერთი ადრე ყოფილა პატიმრობაში, განზრახ მკვლელობისთვის. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის მართლაც იყო ოდნავ შერცხვენილი, მაგრამ შემდეგ უკვე, მოლაპარაკებებში აღარ ვყოფილვარ ჩართული, რადგან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ უფრო პატარა გუნდებად წასულიყო მუშაობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მაგიდასთან მომლაპარაკებლად არავინ ყოფილა პოლიტიკური პარტიის ინსტრუქციების გარეშე.

„პოლიტიკური პარტიის ინსტრუქციების გარეშე არც ჩვენ მივდიოდით და არც მერე წასულა ვინმე და ჩვენ ვიცით, რომ 8 მარტს ჩვენს მომლაპარაკებლებს, ბატონ არჩილს და ბატონ ირაკლის ჰქონდათ ის ინსტრუქციები, რაზეც ისინი დღეს საჯაროდ საუბრობენ, რომ საარჩევნო სისტემაზე შესაძლებელი იყო ის შეთანხმება, რაც 8 მარტს შეთანხმდა, ხოლო პატიმრობებზე იქ ვერანაირი საუბარი ვერ იქნებოდა; მით უმეტეს, ვერ იქნებოდა დაპირება, ვინაიდან მომლაპარაკებლებს ამგვარი ინსტრუქციაც კი არ ჰქონიათ, არამც თუ ის, რომ ისინი ვინმეს რამეს დაპირდნენ. ამას მოწმობს ტექსტები, რომლებიც 8 მარტს იქნა ხელმოწერილი და იმ ტექსტებში არ არის არავითარი საუბარი რამე ტიპის პოლიტიკოსის და რომელიმე პატიმრის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.