თეა წულუკიანი - სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა ფედერაციებთან, ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება, ფული როგორც უნდა, ისე გამოიყენოს, ვინმე თუ შეეწინააღმდეგება, მასზე გაიწიოს, მაგრამ არ გავიწევი
თეა წულუკიანი - სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა ფედერაციებთან, ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება, ფული როგორც უნდა, ისე გამოიყენოს, ვინმე თუ შეეწინააღმდეგება, მასზე გაიწიოს, მაგრამ არ გავიწევი

სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება, ფული როგორც უნდა, ისე გამოიყენოს, ვინმე თუ შეეწინააღმდეგება, მასზე გაიწიოს, მაგრამ არ გავიწევი, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატ ხათუნა სამნიძეს.

წულუკიანმა უპასუხა სამნიძის კითხვას, „თქვენი რიტორიკიდან გამომდინარე არ მიკვირს, თქვენ თქვით, რომ სპორტულ ფედერაციებთან სახელმძღვანელო პრინციპების გაზიარებამ მშვიდობიანად ჩაიარა და გთხოვთ, გვითხრათ, ვისთან გქონდათ ომი?”

როგორც წულუკიანმა განაცხადა, ომი მას არავისთან ჰქონია.

„დღე ერთია და ხუთჯერ გელანდებათ ომი. ომი არ იქნება და არავისთან მქონია ომი. არავითარი სურვილი არ მაქვს ახლა, თქვენ დაგისახელოთ ფედერაციები. ეს ფედერაციები, რაც არ უნდა ზოგიერთ მათგანთან სერიოზული კითხვის ნიშნები მქონდეს, ჩვენი სამინისტროს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებია და ვერ მოგიგდებთ თქვენ მათ საჯიჯგნად. მაპატიეთ ასეთი ხისტი გამოთქმისთვის. მე რა ურთიერთობები მაქვს ფედერაციებთან, ეს ჩემი ურთიერთობებია. იქ არის პიროვნული თემებიც კი. სამინისტროს ვხელმძღვანელობ და ხშირად, სპორტში ასე ხდება სამწუხაროდ, რომ ინსტიტუციები არ ესმით და პიროვნულია ბევრი რამ. ეს იცით ალბათ, ხმები მომდისო და ნეტავ, რა ხმები მოგდით, მეც გამიზიარეთ. გამიზიარეთ, რა ხმები მოგდით, საინტერესოა. მეც ოფიციალურად გეუბნებით, რომ მშვიდობიანად გადაიარა.

თქვენ რომ ახლა იყოთ ცოტა სხვა ნოტაზე და მეც რომ ვიყო თქვენთან სხვა ნოტაზე, ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, მათ შორის, როგორ ურთიერთობენ სპორტული ფედერაციები ქალ მინისტრთან, მაგრამ რომ არ მაქვს იმედი, რომ ჩემს უფლებებს დაიცავთ, ამიტომ არ მინდა თქვენთან ამ თემებზე საუბარი. პრობლემაა და თან ზოგჯერ ძალიან დიდი, ეს იცის აქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, ვინც სპორტს კარგად იცნობს. უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ქალ სპორტის მინისტრს მაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება. ამაზე შორს არ წავალ, რადგან ქართული სპორტის იმიჯი არ მინდა, დავანგრიო. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს სულ ერთეული ფედერაციებია, ორი თუ სამი, შეიძლება ოთხიც, 93-ში ოთხი არ არის დიდი პრობლემა. ჩვენ თვითონ მოვუვლით ამ ურთიერთობებს, თუმცა ქალთა უფლებების კურსის წაკითხვისთვის ალბათ დარჩენილი ორი წელი არ მეყოფა და ზოგადად, ძალადობა სპორტში არის სერიოზული პრობლემა. ამაზე სამუშაოა. ეშხში შევედი, ხომ ხედავთ, ოღონდ ვცდილობ, ბევრი რამ არ წამომცდეს. მაგალითისთვის, იმაზეც სამუშაოა, ქალბატონო ხათუნა, რომ ძალადობა სპორტში არის პრობლემა და მათ შორის პრობლემა არის ისიც, რომ სპორტის, ისე როგორც კულტურის სამინისტრო, არ იყოს მიჩნეული როგორც მოიტა ფული და არაფერი მკითხო. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება, ეს ფული როგორც გინდა, ისე გამოიყენო და თუ ვინმე შეგეწინააღმდეგება, მათ შორის მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ა.შ. მაგრამ მე იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ, ჩემი იმდენი წონით, რამდენიც მაქვს და არ გავიწევი. არ მაქვს კუნთები, მაგრამ სხვა რამეები არ მაკლია.

მე დავამტკიცე, რომ ეს მოხდა და ვიბრძვი, ამას მოჰყვეს შედეგი, მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს სინდისი და მას შეცდომით უწერია დაბადების მოწმობაში მამრობითი, რა თქმა უნდა, მას არაფრის რცხვენია. რა თქმა უნდა, მას ტყვედ ჰყავს აყვანილი მთელი თავისი სპორტის სახეობა, მაგრამ მე არც ერთ უღირს ადამიანს არ მივცემ საშუალებას, ტყვედ აიყვანოს სპორტის სახეობა და სპორტსმენები. განხორციელებულია ძალისხმევა, რომ მოცემულ ფედერაციაში ჩვენ არ დავაზიანოთ სპორტი. რა თქმა უნდა, ეს სპორტსმენები გაიგზავნებიან საერთაშორისო ასპარეზობებზე, მაგრამ არა ფედერაციისთვის გადაცემული თანხებით. მე ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ არის ჩემი პირადი თემა, ამიტომ, როდესაც მე ჩემს პირად თემას მოვუვლი, მერე ვილაპარაკოთ. ამ ფედერაციას შეწყვეტილი აქვს დაფინანსება და ეს დაფინანსება არ აღდგება, ვიდრე არ შეიცვლება სრული ხელმძღვანელობა. ამასობაში პირობას ვდებ, რომ მოცემული სპორტის სახეობა არ დაზიანდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.