თეა წულუკიანი სინგაპურელ კოლეგას მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა
თეა წულუკიანი სინგაპურელ კოლეგას მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიგაპურში ვიზიტის ფარგლებში სინგაპურის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრს შეხვდა და მას ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის, აგრეთვე, საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არბიტრაჟსა და მედიაციის შესახებ რეფორმის მიმდინარეობაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამისთვის მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და ის საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებს მოერგო; შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები, გასული წლის ბოლოს კი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა („ICC“) და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობასაც. აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას.

ქართული დელეგაცია სინგაპურში გაერო-ს კონვენციის კვირეულის ფარგლებში იმყოფება. თეა წულუკიანმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა „მედიაციის შესახებ კონვენციას“, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ, ვიზიტის ბოლოს კი, ქართული დელეგაცია სინგაპურის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.