თეა წულუკიანი - შესწავლილი ფაქტების საფუძველზე საგამოძიებო კომისია ადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას
თეა წულუკიანი - შესწავლილი ფაქტების საფუძველზე საგამოძიებო კომისია ადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას

შესწავლილი ფაქტებისა და ინფორმაციების საფუძველზე, საგამოძიებო კომისია ადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პროცესი ატარებდა ფართომასშტაბიან ხასიათს და წარმოადგენდა კარგად ორგანიზებულ, სახელმწიფო დონეზე ინსტიტუციონალიზებულ დანაშაულებრივ სისტემას.

„ფარულად და უკანონოდ შეგროვებული მასალები, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტოკადრები, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, პატიმრებზე სექსუალური ძალადობის ფირზე აღბეჭდვა და ა.შ. მოიცავდა საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, წევრებს, აქტივისტებს; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს; საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს; კულტურის სფეროს წარმომადგენლებს; სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს/საჯარო მოხელეებს; სხვადასხვა სახის გასართობი დაწესებულების მომხმარებლებს; ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს და სხვ. უკანონო ფარული თვალთვალი, მიყურადება და ჩაწერა/გადაღება კი ხორციელდებოდა ყველგან, მათ შორის ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში. ამასთანავე, მონაცემების უკანონო მოპოვება არ ხორციელდებოდა ერთი რომელიმე მიზნისთვის. ისინი მოპოვებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სხვადასხვა მონაკვეთში და ზოგად მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გეგმების, მიზნების, პოლიტიკური კავშირების იდენტიფიცირებასა და კონტროლს, აგრეთვე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა რეპუტაციის დამაზიანებელი მასალების შეგროვებას. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პროცესი ატარებდა ფართომასშტაბიან ხასიათს და წარმოადგენდა კარგად ორგანიზებულ, სახელმწიფო დონეზე ინსტიტუციონალიზებულ დანაშაულებრივ სისტემას. არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი „სახელმწიფო მანქანა“ იყო მიმართული იმისკენ, რომ სხვადასხვა პირის, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, პროფესიული საქმიანობისა, თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, რეპუტაციის დამაზიანებელი მონაცემები შეგროვებულიყო და შანტაჟისთვის გამოყენებულიყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, განსაკუთრებულად კონტროლდებოდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთან დაახლოებული პირების მიმოწერები და სატელეფონო საუბრები.

„აღნიშნული განპირობებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით, მათ ძალადობრივ რეჟიმსა და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის ილუზიას საფრთხე არ შექმნოდა. თუმცა, როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ხელყოფის მეთოდებს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად, გამოძიებისას სასურველი ჩვენების მისაღებად, ან სხვა ნებისმიერი მიზნისთვისაც იყენებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მოქალაქეები ერიდებოდნენ ტელეფონით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას. უფრო მეტიც, პირისპირ შეხვედრებისას, მობილურ ტელეფონებს რთავდნენ ან საერთოდ შლიდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამორთული ტელეფონის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი საუბრის მოსმენა, ამიტომ აპარატიდან კვების წყაროს იღებდნენ. 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების კადრების გავრცელებით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული – გარდა იმისა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათი მორალურად ბოლომდე განადგურების მიზნით, ამ პროცესის გადაღებაც მიმდინარეობდა.

წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიამ დადგენილად მიიჩნიოს შემდეგი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში დაამკვიდრა მოქალაქეთა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების, პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო-და ვიდეოკადრების ფარულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შექმნის, შენახვისა და სხვადასხვა უკანონო მიზნით გამოყენების მავნებლური და საყოველთაო პრაქტიკა. ყოველივე ეს კი ხელს უწყობდა ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდის დამკვიდრებას, რამაც ზოგიერთი მათგანის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამასთან, საზოგადოებაში დღემდე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ფლობდეს მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას უკანონოდ დამზადებული ჩანაწერების ასლებისგან შემდგარ ე.წ. შავ არქივს, რომელსაც, ნებისმიერ დროს, კვლავ მსხვერპლების წინააღმდეგ ან პოლიტიკური მიზნით გამოიყენებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.