თეა წულუკიანი - საქართველოს აქვს რესურსი, ჰააგაში წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი
თეა წულუკიანი - საქართველოს აქვს რესურსი, ჰააგაში წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი

საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან ექვსი მოსამართლე უნდა აარჩიონ.

მათივე ინფორმაციით, საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან გაისად უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს გასდის.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანდიდატებს.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ჰააგის სასამართლოში პირველად ეყოლება მოსამართლე, ამისათვის კი, ეროვნულ დონეზე რომის სტატუტისა და ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების დაცვით შეირჩევა კანდიდატი, რომელიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს საერთაშორისო დონეზე.

თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლის დროს ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერა საჯაროდ სთხოვა, რათა აღმოსავლეთ ევროპიდან სწორედ საქართველოს კანდიდატი აირჩეს 2020 წელს. ჰააგაში მიმდინარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში, თეა წულუკიანი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება.

მინისტრთან ერთად, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე.

დატოვე კომენტარი