თეა წულუკიანი - სამუშაო გაგრძელდება, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია უფრო დახვეწილი იყოს
თეა წულუკიანი - სამუშაო გაგრძელდება, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია უფრო დახვეწილი იყოს

საარჩევნო წელი მოდის, შესაბამისად, გავაორმაგეთ შრომა საარჩევნო მონაცემების დასახვეწად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე.

მან საარჩევნო სიის დღევანდელ მონაცემებზე ისაუბრა.

„საარჩევნო სიაში 3 561 126 პირია. აქედან ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ვიტყვი, რომ დაზუსტდა და უტყუარად შეიძლება ჩაითვალოს 3 115 296 ამომრჩევლის მონაცემი. შესაბამისად, 3 მილიონ 100 ათს ამომრჩეველზე მეტი მონაცემი არის მონაცემი, რომელიც ვერ გაყალბდება, რადგან ბიომეტრიულ მონაცემს ეყრდნობა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის იყო მხოლოდ 778 ათასი უტყუარი მონაცემი.  თუ ვინმე მოისურვებდა, დანარჩენი შესაძლებელი იყო, გაყალბებულიყო“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მან განმარტა, რომ საარჩევნო სიიდან ბოლო წლების განმავლობაში ამორიცხულ იქნა 8 581 მიცვალებული.

„ჩვენთვის უცნობია, 2012 წლამდე ეს რაოდენობა აძლევდა თუ არა არჩევნებში ხმას. ასევე, ამოვრიცხეთ პირები, რომლებიც ორჯერ იყვნენ სიაში შეტანილი. ასეთი 10 ათასამდე პირია, მათ შორის, ისინი, ვისი ფოტოც იყო სხვა ან გვარ-სახელზე იყო მიბმული სხვა პირის ფოტო. ეს სამუშაო გაგრძელდება, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო დახვეწილი. ყველაზე დახვეწილი და სანდო სია ჩვენ გვქონდა სწორედ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, ვინაიდან ეს არის დახვეწის დინამიკური პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.