თეა წულუკიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასეთი ოპოზიციის პირობებში, არის ფარსი, დროა, ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები
თეა წულუკიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასეთი ოპოზიციის პირობებში, არის ფარსი, დროა, ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები

წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საპარლამენტო კომისიებს ოპოზიცია იყენებს უფრო გარკვეული სპექტაკლებისთვის, რაღაც ტიპის განცხადებებისთვის და დღემდე რა კომისიებიც შექმნილა, არასდროს არ ჰქონიათ არგუმენტები, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ დროს ყოველთვის მახსენდება, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში ოპოზიციის მიერ შექმნილმა და მათ მიერ დაკომპლექტებულმა საგამოძიებო კომისიამ დამიბარა, ეს იყო სამ წუთიანი გამოკითხვა. მათ კითხვებიც კი არ ჰქონდათ დაბარებულ მინისტრთან. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია არ იქნება სერიოზული სახით წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მე პირადად, როგორც ერთი პოლიტიკაში ჩაბმული პირი, ვფიქრობ, რომ ყველანაირი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ასეთი ოპოზიციის პირობებში არის ჩვეულებრივი ფარსი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი უკვე საკმარისია.

„მგონია, რომ უკვე საკმარისია მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. ალბათ, უკვე დროა, რომ მთელმა ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის მიხეილ სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები. ის არის პატიმარი. პატიმარს აქვს თავისი უფლებები. შეიძლება, ჰქონდეს რთული მომენტებიც, რაც თავისუფლებაზე მყოფი ადამიანისთვის ხანდახან გაუგებარიც შეიძლება იყოს. მისი უფლებები არის დაცული, რაც ყველაზე მთავარია. ის არის ჯანმრთელად, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დანარჩენს, რა თქმა უნდა, იტყვის დამოუკიდებელი სასამართლო. ის ჩემთვის პირადად არავითარ პოლიტიკურ და არანაირ სხვა ტიპის ინტერესს არ წარმოადგენს“,- აღნიშნა წულუკიანმა.