თეა წულუკიანი - საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა კანონმორჩილმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში
თეა წულუკიანი - საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა კანონმორჩილმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საფრანგეთის შს სამინისტროსთან, რათა საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მონაპოვარს – ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას – საფრთხე არ შეექმნას, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზედაც მხარეებმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა,  შეხვედრა წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის საუკეთესო ფორმატში.

მისივე თქმით, საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა არის ერთობლივი წარმატება, რომ საფრანგეთი პატივს სცემს, უფრთხილდება საქართველოს ევროპულ არჩევანს და ყველაფერს გააკეთებს, რათა კანონმორჩილმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ერთობლივად ვებრძოლოთ ქართველთა მიერ ჩადენილ ორგანიზებულ დანაშაულს საფრანგეთში, რომელთა რაოდენობა ბოლო სამი წლის მანძილზე, პრაქტიკულად, გაორმაგებულია. ეს კი საფრანგეთის მოქალაქეებს თავიანთ ქვეყანაში უქმნის საფრთხის განცდას“, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უფრო ინტენსიურად გავცვლით მონაცემებს, მათ შორის პასპორტების შესახებ, რათა საფრანგეთის მთავრობამ შეძლოს ინფორმაციის მიღება, ხომ არ აქვს საქართველოს მოქალაქეს გვარი შეცვლილი, ან ხომ არ ჩაუდენია კანონდარღვევა შენგენის სივრცეში; შევთანხმდით, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით უფრო მკაფიო და მკაცრი ნორმები არსებობდეს, როცა საქმე ეხება პრობაციონერთა გამგზავრებას ევროპაში. საუბარი შეეხო იმასაც, როგორ უნდა მოხდეს ავტომატიზებული საშუალებებით ინფორმაციის ეფექტური გაცვლა“, – აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა საფრანგეთის შს მინისტრს, ის ნაბიჯები გააცნო, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე გადადგა, რათა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას.

დატოვე კომენტარი