თეა წულუკიანი - საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ახალი ინიციატივა, რომელიც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს ითვალისწინებს
თეა წულუკიანი - საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ახალი ინიციატივა, რომელიც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს ითვალისწინებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დისკუსიის დროს, საერთაშორისო პარტნიორებმა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას შესთავაზეს ინიციატივა, რომელიც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს ითვალისწინებს.

„დისკუსიის მეორე ნაწილში საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს წინადადება ორივე მხარის წინაშე – ხომ არ გვემსჯელა მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული, საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული“ ,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, მათი წინადადება განიხილოს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა, განვიხილოთ ეს წინადადება, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ზეპირად წაიკითხა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, რეალურად ჩავიხედოთ დეტალებში და ოპოზიციამაც განაცხადა იგივე, რომ მათ, რა თქმა უნდა, შიგნით დასჭირდებათ მსჯელობა, კონსულტაციები და შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, მოსწონთ, აწყობთ თუ არა პოლიტიკურად ეს მოდელი. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მომენტები და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იმაზე, რომ დღეს წამოჭრილი საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ.