თეა წულუკიანი - საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება უპრეცედენტო და ზღვარგადასულია, ჩვენ ამას ვგმობთ
თეა წულუკიანი - საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება უპრეცედენტო და ზღვარგადასულია, ჩვენ ამას ვგმობთ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავების ფაქტს უპრეცედენტოს, ზღვარგადასულსა და სავალალოს უწოდებს.

„უპრეცედენტოა და ზღვარგადასულია უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში არაერთი დავის ფარგლებში, მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდად მოპყრობის და რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევაში, გარდაცვალების ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება, რაც არის სავალალო ფაქტი.

მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც ამაში იყო ჩართული, მეორე მხარეს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს უკანონო დაკავება და პატიმრობა. ჩვენ ამას ვგმობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს. „24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.