თეა წულუკიანი - სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია თავისუფლების მოედანზე, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი და რომელსაც არ უნდიხარ
თეა წულუკიანი - სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია თავისუფლების მოედანზე, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი და რომელსაც არ უნდიხარ

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და გამძლეობისთვის.

„მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა მივუძღვნა ჩემზე უფროს თაობებს და ჩემზე უმცროსებს, ახალგაზრდებს. ჩვენ, ვინც ვართ დღეს აქ, ხელისუფლებაში, ზოგმა გადაიარა 40 წელი, ზოგმა 50 წელიწადსაც მივუკაკუნეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმემ კი არ გვიამბო, როგორ მოიპოვა ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა, ჩვენ ეს ვნახეთ საკუთარი თვალით, როცა ვიყავით ბავშვები და ახალგაზრდები. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა უფროსმა თაობებმა დიდი გასაჭირი გამოიარეს, ბევრი ბრძოლა გადაიხადეს, ეს ის დრო იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა, ჰიმნი, არ ჰყავდა ჯარი და გვარდია, არ ჰყავდა თავისი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიცია, სამაშველო სამსახური. ისინი იბრძოდნენ სუვერენიტეტისთვის, მათ შემოგვინახეს რწმენა, რომელსაც დღეს ებრძვის ბოროტი ძალა. მათ შორის შემოგვინახეს ენა, შემოგვინახეს კულტურა და შემოგვინახეს ჩვენი სამშობლო. ჩვენი თაობა და ასაკი ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ სისხლი, ჩვენ ვნახეთ ჩვენი თაობის, ჩვენი ასაკის გოგო-ბიჭების დაღვრილი სისხლი აი, აქ, რუსთაველზე, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, ომებსა და ბრძოლებში დაღვრილი სისხლი. ასეთი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან მოვდივართ ისინი, ვინც ვართ დღეს ხელისუფლებაში. მადლობა წინა თაობებს, რომლებმაც მოგვიყვანეს დღემდე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ, თავისუფლების მოედანზე, ერთად ვმდგარიყავით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება დემოკრატიული წესით აქვს მოპოვებული.

„მინდა, შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.

დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.