თეა წულუკიანი რომან გოცირიძეს პასუხობს - როდესაც ქართული ფული შემოვიდა, „გოციკოები“ დაარქვეს, გადაწყვიტეთ, რამდენად კარგი აზრია, იუსტიციის სამინისტროს „თეა“ დაერქვას

ჩემი დაცინვა გინდოდათ და დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.

რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ თეა“.

„რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, მე არ ვიცი რატომ უნდა მოვიხადო თქვენ მაგივრად ბოდიში, მაგრამ თქვენ ოპოზიცია ხართ, მე ხელისუფლება და ალბათ განვმარტავ ამას, რომ ეს არ იყო ყაზახი ხალხის დაცინვა, უბრალოდ ჩემი დაცინვა გინდოდათ და დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს. იუსტიციის სამინისტროსო, გაიქილიკა ბატონმა რომანმა. თან თქვენ რომ იცოდეთ, მე როგორ დიდ პატივს გცემთ, ასე არ მომექცეოდით, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე ბატონო რომან. თქვენ ბრძანეთ, ხომ არ მივბაძოთ ნაზარბაევს, ნურსულთანი რომ დაარქვა ასტანას, იუსტიციის სამინისტროსაც დავარქვათ თეაო. მე არ ვიცი ახლა ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ, კაცია და გუნება, ვფიქრობ, რომ არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ, გააკეთეთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ იცით, რა არის ბატონო რომან, ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა ამან და არ ვიცი, თუ არ გეწყინებათ გეტყვით. ჩვენ გვქონდა წარსულში დრო, მე როდესაც ბავშვი ვიყავი, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და „გოციკოები“ დაარქვეს და არ ვიცი, რამდენად კარგი აზრია. ცოტაც გავიცინოთ, ხომ შეიძლება?“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყაზახეთის პარლამენტმა ასტანისთვის „ნურსულთანის“ დარქმევას დღეს მხარი დაუჭირა. დედაქალაქისთვის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელის მინიჭების ინიციატივა ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ეკუთვნის.