თეა წულუკიანი – როდესაც რეალურად არის პრობლემა, ყოველთვის მჩვევია ამაზე გუნდში ღიად საუბარი, ვფიქრობ, ეს არის ჩემი ერთ-ერთი წვლილი, რათა გუნდი შეკავშირებული იყოს

23:40, 19.01.2021

ბიძინა ივანიშვილის უდავო ლიდერობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ, ვთქვათ, ახლახან არჩეული პარტიის თავმჯდომარის ლიდერობა არის სადავო გუნდის შიგნით, პირიქით, ჩვენ ერთსულოვნად ავირჩიეთ ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პარტიის წევრებმა პოლიტიკური საბჭოს მთლიან შემადგენლობასაც მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„მიუხედავად ამისა, იქნება ირაკლი კობახიძე, თუ პოლიტიკური საბჭოს რომელიმე წევრი ვიქნებით, ალბათ ძალიან შორს ვართ იმ მასშტაბებისგან, როგორი მასშტაბის ლიდერიც იყო ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ინტერვიუში ღიად იყო ნათქვამი, რომ ეს არის მისი ერთადერთი წუხილი, თუმცა ის არ ვარაუდობს, რომ მომდევნო 4-5 წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას“ რამე დაემართება. თქვენი მხრიდან კითხვა ისმის – კიბატონო, არის პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ არიან ლიდერები, როგორ მოხდება ამ ყველაფრის კონსოლიდაცია, გულწრფელად რომ გითხრათ, რამე საფრთხე დღეს არ არის, თუ დროსთან ერთად რაღაცა საფრთხე გამოჩნდა, ამას თქვენც დაინახავთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კითხვაზე, „რამდენად შეძლებს პარტია უდავო ლიდერის წასვლის შემდეგ იმ კონსოლიდაციას, რაც სჭირდება“, – წულუკიანი ამბობს, რომ ამის იმედი აქვს.

„უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მე ჩემს პირად რესურსზე ვისაუბრებ. მე ვიცი და გუნდის წევრებმაც შესანიშნავად იციან, რომ როდესაც რეალურად არის, ან მომეჩვენება, რომ არის პრობლემა, ყოველთვის მჩვევია გუნდის შიგნით ამაზე ღიად საუბარი, მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი კონტრიბუცია, თუ წვლილი, რათა გუნდი იყოს შეკავშირებული, რადგან რაც ნაკლებად იქნება სირთულეებზე ან საჩოთირო თემებზე საუბარი, მოგვიანებით შეიძლება, თავი იჩინოს გაუგებრობებმა, მე ასე წარმომიდგენია გუნდური პროცესი, რომ ჯობს, მაგიდაზე, ღიად იდოს ის, რაც არის საჩოთირო საკითხები, ან გადაწყვეტილებები და ყველამ მიიღოს ამ საჩოთირო თემებზე საუბარში მონაწილეობა. თუმცა, ეს ჩემი მიდგომაა, სხვას შეიძლება, სხვანაირი წვლილი ჰქონდეს ამ პროცესში იმისთვის, რომ ეს გუნდი, რომელივ ჩამოყალიბდა წლების მანძილზე, ასე მარიტვად არ მოირღვეს და ვერ მოირღვევა.

შესაბამისად, ალბათ მარტივად და იმედიანად შეიძლება გავიზიაროთ ის, რაც თავად ივანიშვილმა თქვენს ინტერვიუში თქვა, რომ 4-5 წელი, მე ვიტყოდი მეტიც, მაგრამ მან 4-5 წლით შემოფარგლა ეს, „ქართული ოცნებას“ და გუნდს, მის კონსოლიდაციას არაფერი დაემართებაო. ამის რამე წინაპირობას დღეს ჩვენ შიგნითაც ვერ ვხედავთ, უფრო მეტი სურვილია ერთმანეთთან კომუნიკაციის. შეიძლება, ინტერესი არ ყოფილიყოო ივანიშვილის დროს მასთან შეწინააღმდეგების ან რამე განსხვავებული აზრის გამოთქმის, ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ივანიშვილი ყოველთვის გვაქეზებდა იმისკენ, გამოგვეთქვა იმისგან განსხვავებული აზრი, რასაც თავად ამბობდა ხოლმე. თავიდან, მე პირადად ეს ცოტა მიკვირდა, რადგან ქართველებს პირიქით უყვართ – როდესაც იტყვი და მე ვარ მართალი, უფრო მაგარია, მასთან ასე არ იყო, რაღაცას იტყოდა და შემდეგ თუ ჩუმად იჯექი, ვთქვათ მაგიდის გარშემო, არ მინდა ვთქვა, გაიძულებდა-მეთქი, მაგრამ აქტიურად წაგაქეზებდა იმისკენ, რომ გამოგეთქვა შენი აზრი, მით უმეტეს, თუ განსხვავებული აზრი გქონდა. რაღაცნაირად, ამას მიაჩვია გუნდი, ეს გუნდში უნდა იყოს შენარჩუნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვინახავს პარტიები, რომლებიც იკრიბებოდნენ, შემდეგ იშლებოდნენ და დღესაც კი ვხედავთ, რომ რაღაცა ტიპის ერთობების შემდეგ ღია ეთერში ურჩევენ ერთმანეთს საქმეებს. ამიტომაც ჩემთვის ყოველთვის იყო ხოლმე უპირველესი მიდგომა, თუ რამე გაწუხებს, მოდი, თუნდაც მწვავედ ვიკამათოთ, მაგრამ  გუნდის შიგნით და არა მაგალითად, თქვენთან ეთერში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

მსგავსი