თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა
თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა

საქართველოს ამ ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ პირობებში და მის მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების პირობა ვერ შეასრულა.

„საარბიტრაჟო დავა თუ შედგა, ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფოს, როგორც სხვა ნებისმიერ საარბიტრაჟო დავაზე. შესაბამისად, ასეთ პირობებში, წინმსწრებად ვერ ვისაუბრებ ჩვენი პოზიციების შესახებ, რომ მეორე მხარისთვის ეს ხელსაყრელი არ გახდეს დავის დროს, მაგრამ ერთს ვიტყვი – სახეზეა მყვირალა ფაქტები. ფაქტები ამბობს იმას, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ პირობებში და მის მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა. გამოაცხადა ტენდერი და კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა, კონსორციუმი რომ ჰქვია, დაპირდა სახელმწიფოს, რომ ააშენებდა პორტს. მან უბრალოდ ეს პირობა არ შეასრულა. პირიქით, თავისი უუნარობა, რომ პროექტი მიეყვანა წარმატებამდე, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს.