თეა წულუკიანი - პრეზიდენტის ბრიფინგი ყველაფერი იყო გარდა საზოგადოების გამაერთიანებლისა, ეს იყო ნოყიერი ნიადაგი ახალ-ახალი დაპირისპირებებისა, ახალ-ახალი ფორმით საზოგადოების დახლეჩილობისა
თეა წულუკიანი - პრეზიდენტის ბრიფინგი ყველაფერი იყო გარდა საზოგადოების გამაერთიანებლისა, ეს იყო ნოყიერი ნიადაგი ახალ-ახალი დაპირისპირებებისა, ახალ-ახალი ფორმით საზოგადოების დახლეჩილობისა

საქართველოს პრეზიდენტს თუკი სურვილი აქვს, საზოგადოება გააერთიანოს, მისი გუშინდელი ნახევარსაათიანი ბრიფინგი ყველაფერი იყო, გარდა გამაერთიანებლისა, მისი ბრიფინგი იყო პირდაპირ საუკეთესო, ნოყიერი საფუძველი და ნიადაგი ახალ-ახალი დაპირისპირებებისა, ახალ-ახალი ფორმითა და მეთოდით საზოგადოების დახლეჩილობისა, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს ევროპის მოედანზე დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, გაუჩნდა შიში, რომ „ამ ტიპის აქციის მოწოდება შეიძლება, იყოს პროვოკაციული“.

„ვინაიდან იმ ასაკში, რა ასაკშიც საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდება, ინფატილიზმზე ვერ ვისაუბრებთ, სავარაუდოდ, საქმე უნდა გვქონდეს გულუბრყვილობასთან, როდესაც ადამიანი აანონსებს აქციას. ამ ტიპის აქციას იმ დღეს, როცა ეს აქცია დაანონსდა და იძლევა კონკრეტულ რეგლამენტს აქციისა, როდის უნდა დავდგეთ ფეხზე, რა ვაკეთოთ, რისი უფლება გვაქვს, არ გვაქვს და ა.შ., მაგრამ ესეც რომ იქით იყოს, მე უფრო სხვა რამის შიში გამიჩნდა. გამიჩნდა შიში იმისა, რომ ამ ტიპის აქციის მოწოდება შეიძლება იყოს პროვოკაციული, ვინაიდან თქვენ წარმოგიდგენიათ, ვინმეს რომ რომელიმე დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენელი, ანდა რომელიმე თქვენი არც თუ ისე კარგი სახელით ცნობილი კოლეგა ჟურნალისტი და ტელეარხი მოვა იმ აქციაზე, მოიქცევა მშვიდობიანად და პოლიციას არ მოუწევს მკაცრი რეაგირება? რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, ეს იქნება მორიგი, თუკი ეს აქცია შედგება, სკანდალებისა და დაპირისპირების ველი და პოლიციას მოუწევს კანონის დაცვის მიზნით სხვადასხვა ტიპის ნაბიჯების გადადგმა და ეს ყველაფერი მოხდება ევროპისა და ევროკავშირის თვალწინ, არც თუ ისე კარგი შედეგებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ახლა არა ქუჩაში ყოფნის, არამედ სიმშვიდის დროა.

„ვფიქრობ, რომ თუ საქმე არ გვაქვს გულუბრყვილობასთან და გულუბრყვილო მოწოდებასთან, ამგვარი ტიპის გეგმა და მოწოდება ორი დღით ადრე არის უფრო პროვოკაციული და მე ყველას პირიქით მოვუწოდებდი არა ქუჩაში ყოფნისკენ, არამედ სიმშვიდის დროა. ახლა იმის დროა, რომ ყველა დაველოდოთ მშვიდ პირობებში ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში მიმდინარე მსჯელობების შედეგს და შემდეგ, როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, როდესაც ეს შედეგები გახდება ცნობილი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იქნება შეფასებებიც, იქნება სხვადასხვა ტიპის პოზიციები და რეაქციებიც, მაგრამ არა მანამდე, რადგან ეს შეიძლება იყოს პირიქით კონტპროდუქტიული და არა ქვეყნისთვის სასიკეთო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას, წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, გუშინდელ გამოსვლას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქვეყნის ინტერესთან. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ახსნას, რატომ დასჭირდა ისეთი ბრიფინგი და განცხადებები, რომელიც „ქვეყნის ინტერესის გარდა ყველაფერს ემსახურება“.

„გუშინდელ გამოსვლას ჰქონდა ძალიან ბევრი მახასიათებელი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, არავითარი კავშირი ქვეყნის ინტერესთან. ძალიან მწუხარებით აღვნიშნავ ამას და არ მიხარია, რომ ამის თქმა მიწევს. მრავალნაირი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ, თუ რა და რატომ თქვა პრეზიდენტმა გუშინდელ ბრიფინგზე ესა თუ ის. ვერცერთი ახსნა ზუსტი ვერ იქნება, ის, რაც მან იფიქრა. თავად მან უნდა აგვიხსნას, რატომ დასჭირდა მას ისეთი ბრიფინგი და განცხადებები, რომელიც ყველაფერს ემსახურება გარდა ქვეყნის ინტერესისა, რატომ დასჭირდა განცხადებები და ბრიფინგი „დესტრუქციული ოპოზიციის“ ხელშესაწყობად (მისივე სიტყვებს ვიმეორებ, რამდენჯერმე გამოიყენა), დესტრუქციული ძალებისთვის ხელშესაწყობად რატომ გააკეთა ეს? ეს არაა ქვეყნისთვის კარგი. საქართველოს პრეზიდენტს თუკი სურვილი აქვს, საზოგადოება გააერთიანოს, მისი გუშინდელი ნახევარსაათიანი ბრიფინგი ყველაფერი იყო, გარდა გამაერთიანებლისა, მისი ბრიფინგი იყო პირდაპირ საუკეთესო, ნოყიერი საფუძველი და ნიადაგი ახალ-ახალი დაპირისპირებებისა, ახალ-ახალი ფორმითა და მეთოდით საზოგადოების დახლეჩილობისა, რაც მან გუშინ წარმატებით შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში. მოკლედ, რატომ გააკეთა ეს მე შეიძლება ჩემი ახსნა და თეორიები მქონდეს, თუმცა მან უნდა აგვიხსნას, რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო. რასაკვირველია, როცა ხარ პოლიტიკაში, როცა გაქვს გარკვეული ასაკი, შემდეგ რაღაცას ფიქრობ, რომ რა გავაკეთო შემდეგ, შეიძლება ამასთან გვქონდეს საქმე, შეიძლება სხვა რამესთან გვქონდეს საქმე, არ ვიცი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.