თეა წულუკიანი - პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება
თეა წულუკიანი - პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება

ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერი ამბობს, რომ იმ მასშტაბის ომის გაჩერება, რაც გაიშალა უკრაინაში, საეჭვოა, შეეძლოს სანქციებს, რომლებიც ამუშავდა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ შეაფასებდა და ეთანხმება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც პრემიერი ამბობს: „ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება, ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი არავინაა, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“.

„რაღაცა ძალიან ცუდად ახსენებთ ამ „ც“-ს, რას ნიშნავს მეც. მე ვარ ამ მთავრობის წევრი, მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ის მასშტაბი ომის, რაც გაიშალა სამწუხაროდ, ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს სანქციებს, რომლებიც ამუშავდა. საეჭვოა. ღმერთმა ქნას, ასე იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში უწევს დახმარებას. ამასთან, როგორც წულუკიანი ამბობს,  ქვეყანაში ომის დაუშვებლობა ეროვნული ინტერესია.

„საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მესმის, მტკივნეულია თქვენთვის, მოისმინოთ, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა ქვეყანა, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი. ამიტომაც ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები, გავაგრძელოთ ბოლომდე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ წუთში რიგითი, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დახმარება, რომლებიც იძულებული არიან, თუ პატარა ბავშვი არ უჭირავთ, ხელში აიღონ იარაღი და დაიცვან თავისი ქვეყანა. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი.

ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა. ამ ქვეყანაში თქვენი, თითოეული მოქალაქის დაცულობა. რა თქმა უნდა, ყველა იმ სიტყვის, განცხადების უკან, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთელი მთავრობა ვართ ერთსულოვანი. ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს, ეს შემიძლია ვთქვა. ვფიქრობ, დღეს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, რადგან ეს არის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტაშფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს და ზეიმობდა მაშინ, როცა ალბათ ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა, სულს ღაფავდა. ეს იყო ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ომს აწარმოებდა ჯერ ერთი ტელეფონით და ვინ, ვინ და მე ყველაზე კარგად ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ვარ, ვინც ეს ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ აწარმოა ამ ხალხმა ომი. ერთი მტკიცებულება არ დატოვა, რომელსაც ჩვენ სტრასბურგში სამართლებრივ დავაში რუსეთს მაგიდაზე დავუდებდით და დასაცინად არ გავახდევინებდით თავს. წლები დაგვჭირდა ჩვენ, იუსტიციელებს, პროკურორებს, პოლიციელებს, გენ შტაბის წევრებს და ჯარისკაცებს, რომ მრავალი წლის შემდეგ მტკიცებულებები გვეგროვებინა, რათა თქვენმა შვილებმა ეს ქვეყანა ამ ვერდიქტზე დაყრდნობით გაამთლიანონ. ეს ხალხი დღესაც არის ცეკვა-თამაშის ხასიათზე, თუმცა რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება, იყოს სიმღერა დარდის გამომხატველი, თუმცა ამის უკან დგანან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რაღაც ალტერნატიულ სამყაროს ქმნიან და ცდილობენ, იბრძოლონ თითქოს უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას პასუხისმგებლიანი ოპოზიცია სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება, იაროს სწორ გზაზე და არა პირიქით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ საპირისპიროს, ვხედავთ ზეპირულობას, ვხედავთ იმას, რომ ამ ადამიანებს თითქოსდა ერთი სული აქვთ, ოღონდ ამ ქვეყანაში ტყვია გავარდეს. მინდა, გავუცრუო მათ იმედები და ვუთხრა, აი, ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის და ამ ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველანი და პირველ რიგში, თქვენ, საზოგადოება იყოს დაცული, რომ თქვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ ცრემლებით. ეს თუ არის ჩვენი შეცდომა, ძალიან კარგია“, – განაცხადა წულუკიანმა