თეა წულუკიანი - პასუხს ვაგებ იმ საქმეებსა და თემებზე, რომლებიც ჩემი კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება
თეა წულუკიანი - პასუხს ვაგებ იმ საქმეებსა და თემებზე, რომლებიც ჩემი კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება

პასუხს ვაგებ იმ პასუხისმგებლობებზე, საქმეებსა და თემებზე, რომლებიც განეკუთვნება ჩემი კომპეტენციის სფეროს, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. 

„რაც ჩემ კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება, ამაზე პასუხს ვაგებ ბოლომდე. ასეთია სამართლებრივი და პოლიტიკური მიდგომა, რაც მე გამაჩნია. რაც შეეხება სხვა ადამიანების ნათქვამს, განცხადებას, ქმედებებს, გამოძიებასა და გამოუძიებლობას, რომლებიც ჩემს პასუხისმგებლობის სფეროს არ განეკუთვნება, რა თქმა უნდა, არ ვარ მზად, რომ ამგვარ თემებზე ვაგო პასუხი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ნებისმიერი ჩვენგანის განცხადება, რა თქმა უნდა, მეორე მხარემ შეიძლება გამოიყენოს ჩვენი მხარის წინააღმდეგ, მაგრამ მხარე ამას გააკეთებს თუ არა, ჩემთვის ეს ვერ იქნება ცნობილი და თუ გამოიყენებს ამ და სხვა განცხადებებს, რომელიც ყოფილა სხვადასხვა საჩოთირო პოზიციები, ამას მხოლოდ ქალბატონ სალომესთან მიმართებაში არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მეორე მხარის მიერ წაყენებულ უსაფუძვლო არგუმენტებს დავუპირისპიროთ არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ მტკიცებულებები“,- აღნიშნა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექვსი წელი აგროვებდნენ მტკიცებულებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ღირსეულად დაპირისპირებოდნენ.

„დღეს მე მოკლედ ჩამოვთვალე 700-ზე მეტი მტკიცებულება, რომელიც გვაქვს და რომელიც წინა ხელისუფლებას უნდა ეგროვებინა, იმიტომ რომ ომის დროს ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. სანთლით ვაგროვეთ ექვსი წელი მტკიცებულებები, რომ მათი გაფუჭებული საქმე გამოგვესწორებინა და რუსეთს ღირსეულად დავპირისპირებოდით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.