თეა წულუკიანი - პასუხისმგებლიანი პოლიტიკით მოვიგებთ არჩევნებს, გავაგრძელებთ შრომას, რათა მომავალი ოთხი წლის შემდეგ საქართველო იყოს უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და განვითარებული
თეა წულუკიანი - პასუხისმგებლიანი პოლიტიკით მოვიგებთ არჩევნებს, გავაგრძელებთ შრომას, რათა მომავალი ოთხი წლის შემდეგ საქართველო იყოს უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და განვითარებული

ჩვენი პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით მოვიგებთ ამ არჩევნებს და გავაგრძელებთ შრომას, რათა მომავალი ოთხი წლის შემდეგ საქართველო იყოს უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და განვითარებული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გეგმა და პროგრამა არის ის, რომ გააგრძელოს ხაზი, რაც 2012 წელს დაიწყო.

„ჩვენ 2012 წელს საფუძველი ჩავუყარეთ მშვიდობიან და სტაბილურ პირობებში, მიუხედავად ოკუპაციისა და მრავალმხრივი პოლიტიკური გამოწვევებისა, ჩვენს ქვეყანაში განვითარებას, წინსვლას, ადამიანის უფლებების დაცვას, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ჩვენი სამომავლო მიზანი, რომ დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და მომავალი ოთხი წლის თავზე, როდესაც შევიკრიბებით და შევაფასებთ ჩვენს საქმიანობას, ვნახოთ, რომ საქართველო არის კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ევროპული და თითოეულ ოჯახში არის ეკონომიკური კეთილდღეობა, ნაკლები გაჭირვება, ვიდრე დღეს. მე ბუნებრივია, ვიქნები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, როგორც ვიყავი და ვარ 2011 წლიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა იმ საშინელების წინააღმდეგ, რომელიც იმედი მაქვს, 2020 წელს საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებმაც პრაქტიკულად ის, რაც ხშირად მქონია ოცნებად, აქციეს რეალობად. ეს არის ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია საარჩევნო სიაში უფრო მეტი ქალი კანდიდატის მონაწილეობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.