თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი
თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი

ადამიანს ყოველთვის რცხვენია, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა. მე მინდა, დავიცვა ადამიანები და ვისაც სჯერა ამ ავანტიურის, იყავით ფრთხილად, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მარცხს შეგუებულია. წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის საინტერესო არა არჩევნების დღე, არამედ მეორე დღეა.

„არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ. არჩევნები არ არის მათთვის საინტერესო. ისინი შეგუებულნი არიან მარცხს. ამისთვის საკმარისია, გაიკითხოთ თქვენს სამეზობლოში, რომელი პარტია აქტიურობს ველზე ყველაზე მეტად. ოპოზიცია არც კი აქტიურობს ველზე, თუ არ ჩავთვლით სპორადულ გამოვლინებებს. მათთვის არჩევნებზე უფრო მეტად საინტერესოა არჩევნების მეორე დღე. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს არ არის ადვილი, როცა ცხრა წელი ხელისუფლებაში ხარ. პრობლემა ამ ქვეყანაში უამრავია, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეიძლება, ყველაზე მეტად ენდო. ამიტომაც, ყველას მინდა, მოვუწოდო ამ პარტიის მხარდაჭერისკენ, ვიდრე პოლიტიკურ ველზე არ გამოჩნდებიან ახალგაზრდები, ვინც ჩვენ შეგვცვლის და, ვისაც შერცხვება ტყუილის, ვინც არ იქნება სინდისთან მწყრალად და, ვისაც, შეიძლება, ვთქვათ, რომ ყველამ ერთად გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა წულუკიანმა.