თეა წულუკიანი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ბავშვები იყვნენ დაცული პროპაგანდისგან
თეა წულუკიანი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ბავშვები იყვნენ დაცული პროპაგანდისგან

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები, პირველ რიგში, არის ბავშვთა უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რათა, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ბავშვები იყვნენ დაცული იმისგან, რასაც ჰქვია პროპაგანდა. ვინაიდან ბავშვი როდესაც არის ჩამოყალიბების პროცესში, მასზე არ უნდა იყოს არანაირი ზეგავლენა, რომ ის, როგორც იშვა უფლის მიერ, ისე განვითარდეს და მერე, როდესაც ზრდასრულ ასაკში იქნება, მას ჰქონდეს რეალური თავისუფლება. რეალური თავისუფლება არ მოდის ზრდასრულ ასაკში, თუ იქამდე, ვიდრე არ ხარ გათვითცნობიერებული მცირეწლოვან ასაკში, შენზე მოახდენენ ზეგავლენას. ამიტომ ეს კანონი არის ბავშვთა უფლებების დასაცავად, პირველ რიგში.

ასევე, ზრდასრული ადამიანების დასაცავადაც, ვინაიდან ჩვენ, ყველანი ვართ თავისუფლები. ამიტომ თავსმოხვეული აზრები არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ თავისუფალი, თუ სხვა გახვევს თავს თავის მოსაზრებებს, პოზიციებს. ჩვენი თავისუფლება არის ინდივიდუალური და ყველას გვინდა, რომ ჩვენს ინდივიდუალურ თავისუფლებებში ვიყოთ არა მხოლოდ დამოუკიდებლები, არამედ კანონით დაცულები, როგორც ჩვენ, ასევე სხვებიც – ამას ემსახურება ეს პროექტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.